დუნია მიატოვიჩი შერიგებისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი თბილისში ვიზიტის ფარგლებში, დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მიატოვიჩმა და ახვლედიანმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ მინისტრმა ახვლედიანმა განაცხადა, რომ მან ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული გალისა და ახალგორის რაიონებში ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხებზე.
მისივე თქმით, ყურადღება გამახვილდა მშობლიურ ენაზე განათლების მიღებასა და კერძო საკუთრებაზე წვდომაზე დაწესებულ შეზღუდვებზე.
მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების თვითნებულ დაკავებებსა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, რასაც, მისი თქმით, „არაერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 თებერვალს განაცხადა, რომ მიატოვიჩმა და გომელაურმა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სამინისტროს პოლიტიკა განიხილეს. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ჩატარებულ ღონისძიებებზე.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, არჩილ თალაკვაძესთან 23 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმები განიხილეს.
თალაკვაძის თქმით, მან დუნია მიატოვიჩს შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, დისკრიმინაციისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ მოქალაქეების დეპუტატი და ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ასევე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)