სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ტელეფონით ესაუბრა.
სატელეფონო საუბრისას, საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა უკრაინისა და მისი მხარდაჭერის შესახებ მოსაზრებები გაცვალეს. „პრეზიდენმა მაკრონმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერას“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
პრეზიდენტ მაკრონის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბარი საქართველოსა და მოლდოვის პრეზიდენტებთან – სალომე ზურაბიშვილთან და მაია სანდუსთან იყო „უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და რუსეთის აგრესიაზე საერთაშორისო რეაგირების შეფასების შესაძლებლობა“.
ამავე ინფორმაციით, ორივე პრეზიდენტთან საუბარში ემანუელ მაკრონმა „კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს პარტნიორებს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ“.
რაც შეეხება ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბარს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მათ უკრაინაში, საქართველოსა და ევროპაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ლიდერებმა იგი მომდევნო კვირაში პარიზსა და ბრიუსელში მიიწვიეს.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ეხმიანება
- სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთს „ძველი იმპერიული ზრახვები“ აწუხებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)