პრემიერი: სანქციები არ არის ეფექტური საშუალება, უკრაინის დაბომბვას ვერავინ შეაჩერებს 

„უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ რომ არავინ არ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა იმ კრიტიკის საპასუხოდ, რომელიც მის განცხადებას მოყვა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

„დღეს უკრაინაში ვინ ომობს? ომობს უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინის ჯარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. „ამიტომ, ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო დღეს არის ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია, გაუთვლელი ნაბიჯები, გაუთვლელი სიტყვა, ქმედება, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი რისკის შემცველი“.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, პრემიერმინისტრმა კიდე ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იხელმძღვანელოს „ჩვენი ინტერესებიდან გამოდმინარე და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მხოლოდ და მერე ვიფიქროთ სხვა ქვეყნის ინტერესებზე ბუნებრივია“.

„ჩვენ ყველას თანავუგრძნობთ, მაგრამ ჯერ ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ“, – აღნიშნა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო რუსეთის წინააღდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება, ეს პირდაპირ იმოქმედებს მოქალაქეების შემოსავალზე და დაარტყამს, ვაჭრობას, ტურიზმის სექტორსა და უცხოურ გზავნილებს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ მიმართულებებმა რუსეთიდან ბოლო რვა წლის განმავლობაში დაახლოებით 12 მლრ აშშ დოლარამდე სარგებელი მიიღო.

სანქციებზე არ შეერთების შესახებ ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესს ეძებენ“.

პრემიერმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც გაიხსენა და თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ „თავიდან ვერ აარიდა ქვეყანას ეს უბედურება“. ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ქვეყანაში დღესაც ამ უბედურების გამეორება სურს.

მისივე თქმით, ახლა, ხელისუფლებაში რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო, „ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა და შემდეგ კიევში“.

პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის დროს მაშინდელმა ხელისუფლების წევრებმა ქვეყანა დატოვეს და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ. მანვე ენმ-ისდროინდელი ადმინისტრაცია ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

„ომის შემდეგ, კაპიტულანტურად მოაწერა ხელი სააკაშვილის ხელისუფლებამ [ევროპის საბჭოს მიერ 2008 წლის ოქტომბერში მიღებულ] რეზოლუციას“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„სამარცხვინოდ, უნდა ითქვას, მაშინ, როცა ხალხი იღუპება, აქ კონცერტებს მართავენ და ჟრიამული აქვთ ატეხილი“, – თქვა პრემიერმა 26 თებერვლის საპროტესტო აქციაზე მითითებით, სადაც უკრაინული და ქართული სიმღერები შესრულდა, მათ შორის, ჰიმნები.

პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში. მანვე ხაზი გაუსვა, რომ დღეს დილით უკრაინამ საქართველოსგან 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთიც მიიღო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)