ოპოზიცია და აქტივისტები რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დახურვას, კრემლისტური მედიის აკრძალვას ითხოვენ
რუსეთის მიერ უკრაინის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის ფონზე, რამდენიმე ოპოზიციური პარტია და აქტივისტები ითხოვენ, რომ რუსეთისთვის საქართველოს საჰაერო სივრცე დაიხუროს და ქვეყანაში პროკრემლისტური არხების მაუწყებლობა აიკრძალოს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 28 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა ქართველი ხალხის სახელით უნდა შეუერთდეს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დახურვის გადაწყვეტილებას.
მედიის აკრძალვაზე საუბრისას, მელიამ განაცხადა, რომ „რუსეთის პროპაგანდისტული მედიასაშუალებები“ არღვევენ „ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და ღირსებას“. მან საქართველოს მთავრობა რუსეთის ინტერვენციაზე რეაგირებისა და უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით უმოქმედობაში დაადანაშაულა.
პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს – „მაგთისა“ და „სილქნეტს“ მიმართა, რომ ან მაღალი კომერციული ფასი დაადონ „რუსულ პროპაგანდისტულ არხებს“, ან საერთოდ ჩახსნან ეს არხები მაუწყებლობიდან.
მან მოუწოდა კომპანიებს, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, როდესაც „ხელისუფლება ასეთი კაპიტულანტურია“.
თუმცა, პარტია ლელო საჰაერო სივრცის დახურვის მოწოდებისგან თავი შეიკავა. დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა დღეს განაცხადა, რომ დეპუტატებმა ამ საკითხზე ჯერ უნდა იმსჯელონ, ვინაიდან საქართველომ უნდა აწონ-დაწონოს ის ზემოქმედება, რომელიც ამგვარ გადაწყვეტილებას მეზობელ სომხეთზე ექნება.
დღესვე, სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია და რესპუბლიკელები ოფიციალურად მიმართავენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რათა შეწყდეს „რუსული პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობა“, რადგანაც ისინი „საინფორმაციო ომის ნიშნებს“ შეიცავენ.
მოძრაობამ „სირცხვილია“, რომელიც უკრაინის მხარდამჭერი მასობრივი აქციების თანაორგანიზატორია, გუშინ აქციების სამი მოთხოვნა გაახმოვანა. ესენია: რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის დახურვა; „რუსული პროპაგანდისტული მედიის“ მაუწყებლობის შეჩერება; სანქციებზე მოლაპარაკების დაწყება.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმე უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
ასევე წაიკითხეთ:
- პრემიერი: სანქციები არ არის ეფექტური საშუალება, უკრაინის დაბომბვას ვერავინ შეაჩერებს
- ფოტოამბავი: უკრაინის მხარდამჭერი აქციის მესამე დღე თბილისში
- უკრაინაზე განცხადების გამო ღარიბაშვილი მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)