გიორგი გახარიას თქმით, საქართველომ ევროკავშირში „დაჩქარებულად“ მიღება უნდა ითხოვოს
საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ საქართველოს ევროკავშირში „დაჩქარებული წესით“ მიღება უნდა ითხოვოს.
მოუწოდა რა საქართველოს ხელისუფლებას, რომ გამოიყენოს „ისტორიული შანსი“, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „აქტიური მოქმედების დროა, უნდა შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ რუსული აგრესიის პირველი მსხვერპლი ვართ“.
„რუსეთის აგრესიაზე სწორი პასუხი საქართველოს და უკრაინის ევროპულ ოჯახში დაუყოვნებლივი მიღებაა“, – დასძინა მან.
„ჩვენი ადგილი ჩვენი ტრადიციებით ევროპაშია!“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ეს არის ჩვენი ვალი წინაპრების და მომავალი თაობების წინაშე!“.
მისივე თქმით, „რუსეთის აგრესიაზე მსოფლიოს უპრეცედენტო რეაქციის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება იკავებს პოზიციას, რომელიც პირდაპირ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“.
„საქართველოს ხელისუფლების ყოველი ახალი გამოსვლა შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ღირსებას და ქვეყნის ერთიანობისთვის, თავისუფლებისთვის 2008 წელს გაღებულ მსხვერპლს“, – ხაზი გაუსვა მანვე.
„ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ უკვე გააკეთა არჩევანი – ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია!“, – თქვა გიორგი გახარიამ.
„დღეს ეს არჩევანი მარტივია – ან გავხდებით ევროპული ოჯახის, თავისუფალი სამყაროს ნაწილი ან დავბრუნდებით რუსულ საბჭოთა კავშირში“, – დასძინა მანვე.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის არმიაც 24 თებერვლიდან თავის ქვეყანას რუსეთის თავდასხმისგან იცავს, „ახალი სპეციალური პროცედურებით“ უკრაინის ევროკავშირში დაუყოვნებლივი მიღება ითხოვა.
ზელენსკის განცხადებას წინ უძღვოდა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გუშინდელი განაცხადება, რომ „უკრაინელები ერთ-ერთი ჩვენგანნი არიან“ და რომ ევროკავშირს სურს უკრაინის მიღება.
მოწოდებებისთვის საქართველოს მთავრობაში ამ დრომდე არ უპასუხიათ. თუმცა, გასულ წელს საქართველომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ასოცირებული ტრიოს ფორმატი შექმნა. ქართული ოცნების აქამდელი განცხადებებით, საქართველო ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს 2024 წელს გააკეთებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს, პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყანა არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. იგი მის ამ პოზიციას „პრაგმატული“ პოლიტიკით ხსნის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)