უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიხმო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში მოხალისეების ჩარტერული რეისით გამგზავრებაზე უარისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ საქართველოს მთავრობის „ამორალური პოზიციის“ გამო, საქართველოდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიხმო.
„ჩვენი დიპლომატები ახორციელებენ სამართლიან და საჭირო გადაწყვეტილებებს იმ სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებმაც უღალატეს საკუთარ სიტყვას და საერთაშორისო სამართალს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის „გამართლებისთვის“ მან ელჩი ყირგიზეთიდანაც გაიწვია.
ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიჰალმაც გააკრიტიკა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ჩარტერულ რეისს დაფრენის უფლება არ მისცა, რომელსაც საქართველოდან უკრაინაში 60-მდე მოხალისე უნდა წაეყვანა.
„თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!“ — მიმართა შმიჰალმა საქართველოს მოსახლეობას.
დღეს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მოხალისეების უკრაინაში გაგზავნაზე ნებართვა „პირდაპირ ნიშნავს საქართველოს ჩართვას კონფლიქტში“.
საგულისხმოა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 2020 წლის მაისში უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეd საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შემდეგ, უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციისთვის ქარული ოცნების მთავრობამაც გამოიხმო. თეიმურაზ შარაშენიძე კიევში თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის აპრილში დაბრუნდა.
უკრაინის ელჩის გამოხმაურება
უკრაინის ელჩმა საქართველოში, იგორ დოლგოვმა პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე 1 მარტს ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ისაუბრა.
„ნათელია, რომ განსახილველი ბევრია, მაგრამ ასეთი საკითხები ტელეფონით არ განიხილება, ამიტომ ინსტრუქცია მივიღე, რომ კონსულტაციებისთვის [უკრაიანაში] ჩავიდე“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება უკრაინაში მოხალისეების გამგზავრებას, დოლგოვმა აღნიშნა, რომ „არის მკაფიო გაგება, რომ ხელისფლება და ყველა სხვა დანარჩენი ორგანოები წასვლის მსურველებს არ დააბრკოლებენ“.
„თუმცა [ჩარტერულ] თვითმფრინავთან დაკავშირებით [საქართველოს მთავრობასთან] არ იყო შეთანხმება, ამიტომ ეს სულ სხვა ისტორიაა“, – დასძინა მან.
„საუბარი იყო, რომ ჩვენ ვერ შევძელით, როდესაც იყო საშუალება და საჭიროება, რომ [საქართველოს მთავრობისგან] თბილისიდან ჩარტერული რეისის [გაფრენაზე] მიგვეღო ნებართვა თბილისიდან“, – თქვა იგორ დოლგოვმა.
კითხვაზე, ექიმებსაც ხომ არ აუკრძალეს უკრაინაში გაფრენა, დოლგოვმა უპასუხა – „არავის არაფერი აუკრძალავს, ვინ გითხრათ? ეს არასწორი ინფორმაციაა“.
გაცხადება გაავრცელა საქართველოში უკრაინის საელჩომაც და განმარტა, რომ საქართველოში ზოგიერთმა მედიამ „მთავარი არხის“ ორიგინალი ინტერვიუს არასწორი ინტერპრეტაცია გაავრცელა.
შენიშვნა: მასალა იგორ დოლგოვისა და უკრაინის საელჩოების განცხადებების შესაბამისად 2 მარტს, 17:00 სთ-ზე განახლდა.
ასევე წაიკითხეთ:
- პრეზიდენტი: უკრაინაზე საქართველოს მთელი ევროპის მსგავსი პოზიცია უნდა ჰქონდეს
- მოქალაქები „მოღალატე ღარიბაშვილის“ გადადგომას ითხოვენ
- პრემიერის თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება
- ქართული ოცნება უკრაინის შესახებ საგანგებო სესიის ჩატარებაზე უარს ამბობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)