რუმინეთი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუმინეთმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.
რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა 1 მარტს განაცხადა, რომ „ევროკავშირის ამ პარტნიორების ადგილი ევროპულ ოჯახშია და რუმინეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს რეალობად იქცეს“.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ განაცხადა, რომ ევროკავშირი „ვერ იქნება სრულყოფილი“ ამ სამი ქვეყნის გარეშე. „ისინი იმსახურებენ სრულფასოვან წევრობას“, – დასძინა მან.
28 თებერვალს უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა და რუსეთის ინტერვენციის ფონზე, „ახალი სპეციალური პროცედურის“ ფარგლებში, ქვეყნის ევროკავშირში დაუყონებლივ მიღებისკენ მოუწოდა.
იმავდროულად, საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის, ნაციონალურმა მოძრაობამ და საქართველოსთვის, ქართული ოცნების ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ უკრაინის მაგალითი გაიმეოროს და ევროკავშირის დაუყოვნებლივი წევრობა ითხოვოს.
ხელისუფლებას ამ მოწოდებაზე პასუხი ჯერ არ გაუცია, თუმცა პარლამენტის ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა დღეს იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინასთან ერთად საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იმსჯელებენ.
მმართველი პარტიის დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპელმა პარტნიორებმა უკვე კარგად იციან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს ამბიციების შესახებ.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ შარშან ბრიუსელთან უფრო ახლო კავშირების დამყარების მიზნით „ასოცირებული ტრიო“ დააფუძნეს. ქართული ოცნების ხელისუფლების აქამდელი განცხადებით, ევროკავშირს წევრობისთვის ოფიციალურად 2024 წელს მიმართავს.
ასევე წაიკითხეთ:
- გიორგი გახარიას თქმით, საქართველომ ევროკავშირში „დაჩქარებულად“ მიღება უნდა ითხოვოს
- მოქალაქები „მოღალატე ღარიბაშვილის“ გადადგომას ითხოვენ
- პრემიერი: სანქციები არ არის ეფექტური საშუალება, უკრაინის დაბომბვას ვერავინ შეაჩერებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)