ოპოზიცია კიევის მიერ თბილისიდან ელჩის გაწვევას ეხმიანება
ჩარტერული რეისის მიღებისა და მოხალისეთა უკრაინაში გამგზავრებაზე უარის, ასევე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ საქართველოს მთავრობის „ამორალური პოზიციის“ გამო, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევას, ოპოზიციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
ქვემოთ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებებია მოცემული:
ლევან ხაბეიშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ეს არის სრული კატასტროფა, რაც ახლა ხდება… მითხარით, რუსეთისა და ბელარუსის გარდა, კიდევ საიდან გაიწვია ომში მყოფმა უკრაინამ ელჩი? ნუთუ არ გრცხვენიათ? ამ სამარცხვინო ღარიბაშვილს როგორ ეფარებით, საერთოდ? ან იმის ნაცვლად, რომ დღეს თქვენც [დაგმოთ] თქვენი პრემიერმინისტრის განცხადებები, გადაფარვა სცადეთ… ამ დროს იბომბება უკრაინა.. [ხომ არ] გგონიათ, რომ იმ რაკეტებს, რომელსაც უმიზნებენ უკრაინელ ბავშვებს, ჩვენს შვილებს არ უმიზნებენ? [ხომ არ] გგონიათ, როცა კლავენ უკრაინელებს, რომ არ გვიკლავენ ჩვენს ძმებს და თქვენ გგონიათ, აი, ახლა, მოდით, ჩირგვებში [ჩავსხდეთ] და მერე რა? თქვენ მართლა გგონიათ, რომ ვინმეს მიზეზი უნდა აქ შემოსაჭრელად? არანაირი მიზეზი არ უნდა პუტინს, აქ რომ შემოვიდეს და როცა დავრჩებით მარტო, ცივილიზებული სამყაროსგან გარიყულები, აი, მერე მართლა „დაგვერხევა“, თქვენსავე ენაზე რომ გითხრათ… ახლა უნდა ვიდგეთ ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით, უკრაინის გვერდით, სოლიდარობას უნდა ვუცხადებდეთ“.
სალომე სამადაშვილი – ლელო საქართველოსთვის: „უკრაინის სახელმწიფომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და საქართველო რუსეთის შემდეგ გახდა ის სახელმწიფო, საიდანაც უკრაინამ კონსულტაციებისთვის გაიწვია საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი. მე მინდა ავუხსნა საზოგადოებას, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება დიპლომატიურ ენაზე – ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით არათუ არ ეხმარება უკრაინის სახელმწიფოს, არამედ ხელს უწყობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციის და ომის ამოცანების განხორციელებას, რაც არის უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება“.
ხათუნა სამნიძე – დამოუკიდებელი დეპუტატი: „სულ რამდენიმე წუთის წინ უკრაინის ელჩი გაიწვიეს კონსულტაციებისთვის, იმიტომ, რომ თქვენმა [ქართული ოცნება] პრემიერმა გააკეთა პრორუსული განცხადებები. თქვენმა პრემიერმა ჩვენს მოხალისეებს გზა ჩაუკეტა და ამაზე განმარტებაც არ გააკეთა… მე წარმომიდგენია, რა დღეში ხართ, როდესაც გიჭირთ, გინებამდე მიდიხართ, რუსეთუმეებს და მოღალატეებს ნუ გვეძახითო და ამ დროს, თქვენი პრემიერი… ღიად, პირდაპირ ამბობს ომს ვერავინ ვერ დაამთავრებს, სანქციები არ მუშაობსო…ომი იქ არისო და მე აქ ჩემი საქმე მაქვსო. ასეთ დღეში ჩააგდო დღეს ამ ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა…“.
ელენე ხოშტარია – დროა: „მთელი მსოფლიო დღეს დგას აი ამ სიმართლის ხაზის კეთილ მხარეს. ორადორი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც არის ბოროტების მხარეს, ეს არის რუსეთი და ბელარუსი. დღეს, ამ ქვეყნების რიგს დაემატა საქართველო… ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფით, აბსოლუტურად არალეგიტიმურმა მთავრობამ გამოაცხადა, რომ ჩვენ ექიმებსაც კი არ გავაგზავნით ფრონტის ხაზზე. უკრაინაში ბავშვები, ქალები იღუპებიან… კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამედიცინო დახმარება, მოხალისეების იქ ჩასვლა. ეს არის საერთო ბრძოლა მსოფლიოს მშვიდობისთვის. ამ დროს ჩვენი გვერდის ავლით, ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩვენ ვართ ბოროტების მხარეს“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)