საქართველო ხვალ მოითხოვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელსაც ხელისუფლება ბრიუსელში ხვალ გააგზავნის.
პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება „საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით“, პარტიის პოლიტსაბჭოსთან და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღო.
„ჩვენი ოცნება და პოლიტიკური მიზანია, საქართველო გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი, მათ შორის ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებაც“, – განაცხადა მან.
ირაკლი კობახიძემ მოუწოდა „ევროკავშირის სტრუქტურებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ ჩვენი განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“.
ხაზი გაუსვა რა ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე მოქმედი ხელისუფლების „შთამბეჭდავ მიღწევას“, ასევე ეკონომისა და უსაფრთხოების სფეროებში გადადგმულ ნაბიჯებს, მმართველი პარტიის თავჯდომარემ თქვა, რომ ეს არის გზა, რომელიც ქვეყანას სიღარიბის დაძლევამდე და დეოკუპაციამდე მიიყვანს.
„ქართული ოცნების ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი მომავალშიც გამსჭვალული იქნება ამ მიზნით და პასუხისმგებლობით ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე“, – თქვა სიტყვის დასასრულს ირაკლი კობახიძემ.
საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ გუშინ, მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ ევროკავშრის წევრობაზე განაცხადს ქვეყანა 2024 წელს წარადგენდა. „ნაჩქარევი ინიციატივა შეიძლება იყოს კონტრპროდუქტიული, იმიტომ, რომ ჩვენ [მომდევნო] ორი წლის განმავლობაში რაღაც პირობები უნდა შევასრულოთ, ამის შემდეგ ხდება განაცხადი ძლიერი“, – ამტკიცებდა იგი.
ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ, რომ უკრაინის მსაგვსად წევრობაზე განაცხადი საქართველოსაც დაჩქარებულად წარედგინა, კობახიძე ამბობდა, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის გამოხატული „პოლიტიკური ჟესტი“ საქართველოსა და მოლდოვას არ ეხებოდა.
- საქართველო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ეხმიანება
- ახალი კვლევით, მოქალაქეთა უმრავლესობა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა
- ევროკავშირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნას აკრიტიკებს
აღსანიშნავია, რომ მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტის ფონზე მიიღო, სადაც იგი გუშინ ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს – შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
ბოლო დროს, ქართული ოცნების ხელისუფლებასა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა რამდენმადმე დაიძაბა, სასამართლო სისტემაში დანიშვნების, ასევე ევროკავშირის შეღავათიან სესხზე უარისა და დასავლელ დიპლომატებზე სავარაუდო მიყურადების გამო.
ამასთან, ქართულმა ოცნებამ ივლისში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 19 აპრილის შეთანხმება ცალმხივად დატოვა და უარი თქვა შეთანხმებით გათვალისწინებული რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილების შესრულებაზე, რასაც ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკა მოჰყვა.
ასევე წაიკითხეთ:
- ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩს აკრიტიკებს
- პარლამენტის თავმჯდომარის „დროის უქონლობის გამო“ ევროპარლამენტარებმა ვიზიტი გააუქმეს
- ევროკავშირი ფარული მიყურადების საკითხზე „შესაბამის ნაბიჯებს მოამზადებს“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)