საქართველო შეუერთდა რეფერალს, ჰააგამ უკრაინაში ომის სავარაუდო დანაშაულები გამოიძიოს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა, კარიმ ხანმა 2 მარტს განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლომ უკრაინაში ომის სავარაუდო დანაშაულების გამოძიება დაიწყო.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 38 ქვეყნის მთავრობებათა მიერ ჰააგისათვის უკრაინის სიტუაციის გამოსაძიებლად მოთხოვნის გადაცემა (ანუ რეფერალი – referral). ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც. ამასთან, ჰააგაში მდებარე სასამართლოს დამოუკიდებლად, ცალკე რეფერალით მიმართა ლიეტუვამაც.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ, რომელიც კოლექტიურ ძალისხმევას მეთაურობდა, განაცხადა: „რუსეთის მხრიდან უდანაშაულო სამოქალაქო პირების წინააღმდეგ განურჩეველი ძალის გამოყენება უკრაინაში მისი უკანონო და არაპროვოცირებული შეჭრის დროს, ომის დანაშაულების ტოლფასია, რაზეც პუტინის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს“.
კარიმ ხანმა აღნიშნა, რომ 28 თებერვალს ის აპირებდა ICC-ის მოსამართლეებისთვის ნებართვის მისაღებად მიემართა, თუმცა სახელმწიფოების მიმართვამ შესაძლებლობა მისცა მას, რომ გამოძიების ეტაპზე მოსამართლეთა ნებართვის გარეშე გადავიდეს.
მისივე თქმით, მისმა გუნდმა გონივრული საფუძველი დაინახა, რათა ივარაუდოს, რომ უკრაინაში ნამდვილად ჩადენილია სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოქცეული დანაშაულები.
არც რუსეთი და არც უკრაინა ICC-ის რომის სტატუტის წევრები არ არიან, თუმცა უკრაინამ ცნო სასამართლოს იურისდიქცია 2013 წლის ნოემბრის შემდეგ მის მიწაზე ჩადენილ ომის შესაძლო დანაშაულებსა და კაცობრიობიოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.
ამჟამად, 123 ქვეყანაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)