ქართული და უკრაინული არასამთავრობოები უკრაინაში რუსულ აგრესიაზე მკაცრ რეაგირებას „მოითხოვენ“
60 ადგილობრივი და უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია 4 მარტს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში მსოფლიო ლიდერებს მიმართავს და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის ფონზე „მაქსიმალურად მკაცრ რეაგირებას მოითხოვს“.
არასამთავრობოები ლიდერებს უკრაინის გარკვეული ტერიტორიები არასაფრენ ზონებად გამოცხადებისკენ, ასევე ანტისაჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ.
უფლებადამცველები საერთაშორისო საზოგადოებას ასევე მოუწოდებენ – „გაატარონ მაქსიმალურად მკაცრი ზომები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, მიაწოდონ ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელ ხალხს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ; შექმნან სათანადო პირობები უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის.
განცხადების თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრა „არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის აქტია სუვერენული სახელმწიფოს წინაღმდეგ და წარმოადგენს ევროპული და გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის დარღვევის მცდელობას’.
„მაშინ, როდესაც უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან და ქვეყნის ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა ნადგურდება, სანახევრო ზომების დრო არ არის“, – განაცხადეს არასამთავრობოებმა და ხაზი გაუსვეს, რომ „[ვლადიმირ] პუტინის რეჟიმმა ამ დანაშაულებისათვის მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს“.
მათივე თქმით, „უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო მანქანის წინააღმდეგ ბრძოლის საოცარ მაგალითს იძლევა და დემოკრატიული მსოფლიოს ვალია, მხარი დაუჭიროს მას ამ უთანასწორო ბრძოლაში“.
უფლებადამცველებმა ხაზი გაუსვეს, რომ „რუსული აგრესიის მსხვერპლი 2008 წელს საქართველოც გახდა და პუტინის რეჟიმი ამისათვის დიდწილად დაუსჯელი დარჩა“. „დღეს რასაც თვალს ვადევნებთ, დიდწილად დასავლეთის მიერ მაშინ გამოჩენილი არასათანადო სიმკაცრის შედეგია“, – აღნიშნეს მათვე.
„დემოკრატიულ მსოფლიოს ისევ იგივე შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს და მან ევროპის შუაგულში მიმდინარე ამ ღია აგრესიას სათანადო პასუხი უნდა გასცეს“, – ხაზი გაუსვეს არასამთავრობოებმა.
„მიგვაჩნია, რომ უკრაინა ამ ომში მთელი კონტინენტისა და დემოკრატიული მსოფლიოსთვის იბრძვის და ჩვენი ვალია, უკრაინის გმირს ხალხს მხარი დავუჭიროთ. ახლა მოქმედების დროა!“, – განაცხადეს მათვე.
ერთობლივ განცხადებას სხვებთან ერთად ასევე ხელს აწერენ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს გაეროს ასოციაცია“ და „ღია საზოგადოების ფონდი“.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველო მხარს უჭერს უკრაინაზე ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას
- საქართველო შეუერთდა მოწოდებებს, რომ ჰააგამ უკრაინაში ომის სავარაუდო დანაშაულები გამოიძიოს
- საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმას გმობს
- საქართველო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ეხმიანება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)