რუსეთმა ქართული რძის პროდუქტების იმპორტი დაუშვა
რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსსელხოზნადზორი) 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძისა და რძის პროდუქტების მიწოდების ნება დართო. ინფორმაცია რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ „რის ნოვოსტიმ“ გაავრცელა.
„რია ნოვოსტი“ „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენლის, იულია მელანოს სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქართული კომპანიები იმ კომპანიების რეესტრში შევიდნენ, რომელთაც ექნებათ უფლება, რომ საკუთარი პროდუქცია ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს მიაწოდონ.
მან ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელს, სერგეი დანკვერტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ზურაბ ჩეკურაშვილს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, საქართველოსთან ერთად, „როსსელხოზნადზორმა“ შეზღუდვა თურქეთიდან, ჩინეთიდან, მოლდოვადან, სერბეთიდან, ბელარუსიდან და აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ სხვადასხვა პროდუქტებზეც მოხსნა.
გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა რუსეთზე უკრაინაში შეჭრის გამო საერთაშორისო სანქციების დაწესება.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდება და ამის მოტივად ეროვნული ინტერესები და ქართველი მწარმოებლებისთვის შესაძლო ზიანი დაასახელა. ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ქვეყნის შიგნით მწვავე კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. გადაწყვეტილება მოიწონა მოსკოვმა.
ასევე წაიკითხეთ:
- პრემიერი: სანქციები არ არის ეფექტური საშუალება, უკრაინის დაბომბვას ვერავინ შეაჩერებს
- „ყოჩაღ!“ – მოსკოვი საქართველოს პრემიერს აქებს
- პრეზიდენტი: უკრაინაზე საქართველოს მთელი ევროპის მსგავსი პოზიცია უნდა ჰქონდეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)