სასამართლომ გიგი უგულავა ძიუდოისტის ცემის საქმეზე გაამართლა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 მარტს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა უდანაშაულოდ ცნო 2019 წლის აეროპორტის ინციდენტის საქმეზე, სადაც მას გამოძიება ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებოდა.
შემთხვევა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს გამთენიისას მოხდა, როდესაც თავად გიგი უგულავას განმარტებით, იგი ასევე ოპოზიციონერ პოლიტიკოს, გოკა გაბაშვილთან ერთად, ლარნაკაში, რამდენიმე დღით, ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წარსული საქმიანობის შესასწავლად მიდიოდა. მაშინ გოკა გაბაშვილმა თქვა, რომ მათ თავს „ივანიშვილის ორკები“ დაესხნენ.
დღეს, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განმარტა, რომ იმის დადგენას, თუ საქმის განხილვისას მხარეთა მიერ წარმოდგენილი ვერსიებიდან რომელია რეალური, დამატებითი მტკიცებულებები სჭირდება, რაც სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ, ამიტომაც გადაწყვეტილება გიგი უგულავას სასარგებლოდ მიიღო.
მოსამართლის დასაბუთებას არ დაეთანხმა თავად გიგი უგულავა და თქვა“, რომ მას კამერების ჩანაწერების ამოღება შეეძლო, თუმცა არ გააკეთა.
„მგონია, რომ ეს არანაირი მართლმსაჯულების ზეიმი არ არის, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას და ხაზი გაუსვა, რომ საქმის „რეზონანსულობიდან“ და „აბსულრულობიდან“ გამომდინარე, მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით უბრალოდ „თავი დაიცვა“.
დღესვე, სასამართლომ ამავე საქმეზე დამნაშავედ ცნო, გავაშელიშვილის თანმხლები, დავით პარკაძე, რომელსაც გამოძიება გოკა გაბაშვილის ცემას ედავებოდა და მას ჯარიმა დააკისრა. მედიის ცნობით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მას ნასამართლეობა მოეხსნა.
პარკაძისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობის დაზუსტებას „სამოქალაქო საქართველო“ სასამართლოში ცდილობს. პასუხი მასალაში მიღებისთანავე აისახება.
ძიუდოისტის ცემის საქმეზე პროკურატურამ გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით 2019 წლის 11 დეკემბერს წარუდგინა. 12 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და საგამოძიებო ორგანოსთვის პირადობის მოწმობისა და პასპორტის გადაცემა დაავალა. ეს ვალდებულება უგულავას სასამართლომ 2020 წლის 9 მარტს გაუუქმა და გირაოც მოუხსნა.
ასევე წაიკითხეთ:
- სასამართლომ გიგი უგულავას აეროპორტის ინციდენტზე დაკისრებული გირაო და შეზღუდვა გაუუქმა
- სასამართლომ გიგი უგულავას გირაო შეუფარდა და ქვეყნის დატოვება შეუზღუდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)