შეხვედრა ვერსალში: ევროკავშირი უკრაინაზე მსჯელობს

რა ხდება?

დღეს, ადგილობრივი დროით 16 საათზე, ვერსალის სასახლეში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ორდღიან არაფორმალურ სამიტზე შეიკრიბებიან. მთავარი განსახილველი თემა უკრაინაში მიმდინარე ომია.

უკრაინას ევროკავშირში მიიღებენ?

არა, ეს ამ სამიტის გადასაწყვეტი თემა არაა.

არაფორმალურ სამიტზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება, როგორ უპასუხონ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნას, რომ უკრაინა “დაჩქარებული წესით” გაწევრიანდეს ევროკავშირში. ევროკავშირის ლიდერები მიუთითებენ, რომ ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას უკვე სთხოვა ამ საკითხზე დასკვნის მომზადება, თანაც ერთ კვირაში და არა აქამდე ჩვეული რამდენიმე თვის განმავლობაში.

დაგეგმილია უკრაინაზე ცალკე მემორანდუმის მიღება. მის სამუშაო ვერსიაში ჯერჯერობით საუბარი მხოლოდ “კავშირების განმტკიცებასა და პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზეა”.

თუმცა, რამდენიმე აღმოსავლეთ-ევროპული ქვეყანა ითხოვს, მემორანდუმში პირდაპირ ახსენონ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი, რაც წევრობის პროცედურის დაწყებას გულისხმობს. ამას ჯერჯერობით გერმანია და ნიდერლანდები ეწინააღმდეგებიან. ასეა თუ ისე, საკითხი განსახილველ მაგიდაზეა. მოლდოვასა და საქართველოზე საუბარი, ჩანს, ვერსალში არ იქნება.

ერთობლივი თავდაცვა

თუკი ომის დაწყებამდე ბევრი ქვეყანა სკეპტიკურად უყურებდა თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის მოთხოვნას ერთობლივი თავდაცვის გაძლიერებისა და “სტრატეგიული ავტონომიის” თაობაზე, ახლა ყველაფერი შეიცვალა.

შვედეთი და ფინეთი – ევროკავშირის ორი წევრი, რომლებიც ნატოში არ შედიან – აქტიურად ითხოვენ, რომ სამიტის დეკლარაციაში პირდაპირ ჩაიწეროს კავშირის მიზანი, განამტკიცოს ღონისძიებები ერთობლივი თავდაცვის უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის ხელშეკრულების 42.7 მუხლში წერია: “თუკი წევრი სახელმწიფო მის ტერიტორიაზე შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლად იქცევა, სხვა წევრი სახელმწიფოები ვალდებული არიან მას დახმარება გაუწიონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით.”

ვერსალში მთავარი საკითხი ის იქნება, საჭიროა თუ არა ახალი საერთო ვალის აღება თავდაცვის დაფინანსების გასაფართოვებლად. საფრანგეთი ამის მომხრეა, ნიდერლანდების აზრით, სანამ არსებული ფონდები სათანადოდ არაა ათვისებული, ახალი ვალების აღება ჯერ არ ღირს.

ენერგეტიკული დამოუკიდებლობა 

ლიდერები განიხილავენ ევროკომისიის წინადადებებს, 2030 წლამდე რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულების თითქმის მთლიანად მოხსნისა და ამ წლის ბოლომდე გაზზე დამოკიდებულების ორი მესამედით შემცირების შესახებ. ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ რუსეთის ენერგონედლეულზე დამოკიდებულება კიდევ უფრო სწრაფად, 2027 წლამდე უნდა დასრულდეს. საბოლოო გადაწყვეტილებები ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ ამ საკითხზე გამოწვლილვით ისაუბრებენ, ექსპერტების ჩართვით.

სამხრეთის სახელმწიფოები – ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი ითხოვენ, ენერგომატარებლების ფასების ზრდის კომპენსირების ღონისძიებები მაქსიმალურად სწრაფად გაიწეროს და ამოქმედდეს. ამ მოთხოვნისადმი, ჩანს, სიმპათიითაა განწყობილი საფრანგეთიც.