უკრაინა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო: იურისდიქციის ფარგლები და შემდგომი ნაბიჯები

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქცია ვრცელდება რომის სტატუტით, სასამართლოს სადამფუძნებლო საერთაშორისო ხელშეკრულებით, განსაზღვრულ ოთხ დანაშაულზე: გენოციდი, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ომის დანაშაულები და აგრესია. რომის სტატუტი რატიფიცირებული აქვს 123 სახელმწიფოს (მათ შორის, საქართველოს). თუმცა, ამ სახელმწიფოებში არ შედის უკრაინა და რუსეთის ფედერაცია.

შესაბამისად საინტერესოა, რა სამართლებრივი საფუძვლები არსებობს სასამართლოს იურისდიქციის უკრაინის სიტუაციაზე გასავრცელებლად. უკრაინის სიტუაციის ქვეშ საერთაშორისო საჯარო გადმოსახედიდან შეგვიძლია მოვიაზროთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაეროს ქარტიის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის უხეში დარღვევა, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენცია და სამხედრო ძალის გამოყენება, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გაგებით, სახეზე გვაქვს საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი.

ზოგადი წესის მიხედვით, ICC-ის იურისდიქცია ვრცელდება რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან წევრი სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ ჩადენილ ზემოაღნიშნულ ოთხ დანაშაულზე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს სახელმწიფოთა პასუხისმგებლობის საკითხი და მის კომპეტენციაში შედის მხოლოდ ფიზიკური პირების ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენა. თუმცა, ამ ზოგადი დანაწესის მიღმა არსებობს არაწევრ სახელმწიფოზე სასამართლოს იურისდიქციის გავრცელების ორი შესაძლებლობა – სამართლებრივი საფუძველი:

ა) გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გაეროს ქარტიის მეშვიდე თავის მიხედვით, სასამართლოსთვის ისეთი სიტუაციის გამოსაძიებლად გადაცემა (რეფერალი), რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. აღნიშნული ფაქტი სასამართლოს ისტორიაში სახეზე იყო მხოლოდ ორჯერ, 2005 წელს სუდანის (დარფურის სიტუაციის) და 2011 წლის ლიბიის შემთხვევებში.

რთული არ არის იმის ვარაუდი, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი და ვეტოს უფლების მქონე წევრი, არ დაუშვებს მისი ხელისუფლების ინტერესების საწინააღმდეგოდ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სასამართლოსთვის მიმართვას და გამოძიების დაწყებას. შესაბამისად, უკრაინის შემთხვევაში აღნიშნული შესაძლებლობა მხოლოდ თეორიულ მოცემულობად რჩება, რადგან რუსეთი სარგებლობს ვეტოს უფლებით. 

ბ) რომის სტატუტის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, არაწევრ სახელმწიფოსაც აქვს უფლება კონკრეტულ დანაშაულებთან მიმართებით აღიაროს სასამართლოს იურისდიქცია და იკისროს სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულება. სწორედ აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლით დაიწყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა წინასწარი მოკვლევა უკრაინის სიტუაციის გარშემო 2014 წლის ე.წ. ,,მაიდანის მოვლენებისა’’ და შემდგომ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში (დონეცკსა და ლუგანსკში), ასევე სამხრეთ უკრაინაში – ყირიმში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან მიმართებით. კერძოდ, უკრაინის მთავრობამ 2014 წლის 17 აპრილს მიმართა სასამართლოს 2013 წლის თებერვლიდან 2014 ნოემბრამდე ე.წ. ,,მაიდანის მოვლენების” დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიების თხოვნით, ხოლო 2015 წლის 8 სექტემბერს უკრაინის მთავრობამ მეორე მიმართვით მოითხოვა უკვე ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებზე გამოძიების დაწყება. ამ შემთხვევაში დანაშაულების პერიოდი მოიცავდა 2014 წლის 20 თებერვლიდან შემდგომ პერიოდს (ღია თარიღი, რომელიც ფარავს უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ან შემდგომ ჩადენილ განგრძობად დანაშაულებს).

2020 წლის სექტემბერში, სასამართლოს ყოფილმა პროკურორმა ფატუ ბენსუდამ წინასწარი მოკვლევით დაასკვნა, რომ არსებობდა გონივრული საფუძველი იმის საფიქრებლად, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი იყო ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. პროკურორმა ICC-ის წინასასამართლო პალატისგან ითხოვა გამოძიების დაწყების უფლება (ავტორიზაცია), რაც საჭიროა წინასწარი მოკვლევის ეტაპიდან გამოძიების ეტაპზე გადასასვლელად. გამოძიების ეტაპის მიზანი არის კონკრეტული ბრალდებულების გამოკვეთა, მათი დაკავების მოთხოვნა ან სასამართლოსადმი წარდგენის მოთხოვნა და, მხოლოდ სასამართლოსთვის წარდგენის შემდეგ, მათი გასამართლება, რადგან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ ითვალისწინებს  ბრალდებულის დაუსწრებლად გასამართლების შესაძლებლობას.

აქვე აღსანიშნავია, რომ რომის სტატუტი არ ითვალისწინებს აგრესიის დანაშაულზე სასამართლოს იურისდიქციის რომის სტატუტის არაწევრ სახელმწიფოებზე გავრცელებას (სასამართლოს წევრი სახელმწიფოების შემთხვევაშიც კი აუცილებელია აღნიშნულ დანაშაულზე სასამართლოს იურისდიქციის აღიარების წინაპირობის დაკმაყოფილება). სწორედ ამიტომ ICC მოკლებულია შესაძლებლობას უკრაინის ჭრილში იმსჯელოს აგრესიის დანაშაულზე.

საბოლოოდ, რომის სტატუტის მე-12(3) მუხლით დადგენილი საგამონაკლისო წესი, უკრაინის მთავრობის 2015 წლის მეორე დეკლარაცია და 2022 წლის რუსეთის ფედერაციის აგრესია და თანმდევი დანაშაულები წარმოადგენს იმ სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს, რომლებითაც დასაბუთდა და გამყარდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამჟამინდელი პროკურორის – კარიმ ხანის ამა წლის 28 თებერვლის ინიციატივა და სურვილი გამოძიება დაეწყო რუსეთის ფედერაციის მიერ 2022 წელს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის პერიოდში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზეც. თავისი არსით, ამავე გამოძიების ფარგლებში ექცევა ე.წ. ,,მაიდნის მოვლენები” და უკრაინის ტერიტორიაზე 2014 წლის შემდგომ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებიც.

ერთი მხრივ, სწორედ უკრაინის მთავრობის 2015 წლის დეკლარაცია (სასამართლოსადმი მიმართვა) წარმოადგენს ტერიტორიული და დროითი იურისდიქციის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს, თუმცა, მეორე მხრივ, გამოძიების დასაწყებად პროკურორს უნდა გადაელახა გარკვეული პროცედურული ბარიერები. კერძოდ, საჭირო იყო ან ICC-ის წინასასამართლო პალატის ავტორიზაციის დაჩქარებული წესით მიღება ან რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოს მხრიდან (რადგანაც უკრაინა არაა მისი ხელშემკვრელი მხარე) რეფერალის, ანუ სიტუაციის გამოსაძიებლად მოთხოვნის გადაცემა. სწორედ ამ პროცედურის გავლის შემდეგ პროკურორისთვის შესაძლებელი გახდებოდა გამოძიების მყისიერი დაწყება და მტკიცებულებების განადგურების რისკის შეძლებისდაგვარად შემცირება.

2022 წლის 2 მარტს რომის სტატუტის 38 ხელმომწერმა სახელმწიფომ (მათ შორის საქართველომ) მოითხოვა უკრაინის სიტუაციის გარშემო გამოძიების დაწყება (რეფერალი).

შესაბამისად, 2022 წლის 2 მარტის შემდეგ, სასამართლოს პროკურორს უკვე აქვს სამართლებრივი საფუძველი შესაბამისი მტკიცებულების შეგროვების შემდეგ გამოკვეთოს ბრალდებულები და აღარ მოუწევს წინასასამართლო პალატის ავტორიზაციის ლოდინი. კერძოდ, ავტორიზაციის ინსტიტუტი თავისი არსით წარმოადგენს პროკურორის  მიკერძოებულობის გამომრიცხველ ერთგვარ მაკონტროლებელ მექანიზმის, რომლის საჭიროებაც ქრება იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების დაწყებით დაინტერესებულია არა მხოლოდ პროკურორი, არამედ რომის სტატუტის წევრი სახელმწიფო(ები).

თავის მხრივ, პროკურორი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს მიუკერძოებლად და ობიექტურად და პატივი სცეს კომპლემენტარობის პრინციპს (ეროვნულ დონეზე ჭეშმარიტი მართლმსაჯულების განხორციელების შესაძლებლობა). თუმცა, კომპლემენტარობის პრინციპი ამ შემთხვევაში ნაკლებად რელევანტური იქნება, რადგან რუსეთის ფედერაციას დიდი ალბათობით არ ექნება ეროვნულ დონეზე სავარაუდო დამნაშავეების გასამართლების სურვილი. ჯერჯერობით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მხრიდან საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ ომის დანაშაულებზე, ანუ ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევებზე (მაგ. განურჩეველი ხასიათის თავდასხმები) და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე (ნებისმიერი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მასშტაბური ან სისტემატური თავდასხმები განხორციელებული შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის მიხედვით). როგორც უკვე აღინიშნა, აგრესიის დანაშაულზე სასამართლოს იურისდიქცია და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო და სამხედრო მეთაურების პასუხისმგებლობის ამ კუთხით გამოკვეთა ვერ მოხდება იურისდიქციული შეზღუდვის გამო.

აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის რომის სტატუტის წევრი სახელმწიფო და არ აღიარებს სასამართლოს იურისდიქციას. რუსეთმა არათუ რომის სტატუტის რატიფიკაცია მოახდინა, არამედ 2016 წელს გაიწვია 16 წლით ადრე სტატუტზე გაკეთებული ხელმოწერაც და ამით ნათელი სიგნალი მისცა სასამართლოს, რომ არც უკრაინის და არც საქართველოს სიტუაციების გარშემო მიმდინარე საკითხებზე მასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

შესაბამისად, ბრალდებულების გამოკვეთის შემდეგ გამოძიება წინ ვერ წაიწევს მანამ, სანამ არ მოხდება ბრალდებული პირების დაკავება და სასამართლოს წინაშე წარდგენა. ზოგადად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ინტერესის ქვეშ ექცევიან მთავარი სამხედრო თუ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საერთაშორისო დანაშაულებზე და არა რიგითი ჯარისკაცები, რომელთა გასამართლებაც ეროვნულ დონეზე ჩატარებული პროცესებითაც ადვილად არის შესაძლებელი, მთავარ დამნაშავეთა საერთაშორისო დონეზე გასამართლების პარალელურად. ბრალდებული პირების დატყვევება ან დაკავება კი შეიძლება მოხდეს ან ისეთ სახელმწიფოში მათი ვიზიტის/ყოფნის დროს, რომელიც აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას (მათ შორის, იმ სამართლებრივ საფუძვლებს, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია პერსონალური იმუნიტეტის მქონე პირის დაკავება საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად), ან საერთაშორისო წნეხის ფონზე თავად ბრალდებულების მოქალაქეობის სახელმწიფოში (ამ შემთხვევაში რუსეთში) უნდა მოხდეს პოლიტიკური ნიადაგის ცვლილება, დამნაშავეთა დაკავება ან/და სასამართლოს წინაშე ნებაყოფლობით წარდგენა. შესაძლებელია, დღეს ეს სცენარი ნაკლებად რეალისტური ჩანდეს, თუმცა, სავარაუდოდ, არც მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ელოდნენ მთავარი დამნაშავეები ნიურნბერგისა და ტოკიოს ტრიბუნალების მართლმსაჯულებას. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ამ ეტაპისთვის სასამართლოს მისიაა გამოკვეთოს ბრალდებული პირები, გამოსცეს დაკავების ორდერები და დაელოდოს ჰააგაში მათ გადაყვანას. პოლიტიკური კუთხით ეს იქნება მნიშვნელოვანი პრევენციული სიგნალი დაუსჯელობის სინდრომის წინააღმდეგ, თუმცა სამართლებრივი კუთხით დაკავების ორდერს სჭირდება აღსრულება. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება საერთაშორისო დონეზე აგრესორი სახელმწიფოს პოლიტიკური და სამხედრო მეთაურების გასამართლება ომის დანაშაულების, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, ხოლო სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმებისა და შესაბამისი მაკვალიფიცირებელი ელემენტების გაჩენის შემთხვევაში, გენოციდის დანაშაულისთვისაც.


ავტორის შესახებ

ონისიმე ცხომელიძე – სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ასისტენტ-ადვოკატი (რეესტრის წევრი), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. სტატიაში დაფიქსირებული პოზიცია გამოხატავს ავტორის პირად მოსაზრებას და შესაძლოა არ ემთხვეოდეს ნებისმიერი იმ ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას, რომელთანაც ავტორი თანამშრომლობს.