2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 1.15 მლრდ აშშ დოლარი იყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 11 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1.15 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის – სააქციო კაპიტალის, რეინვესტიციისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.
2021 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი – 596.6 მლნ აშშ დოლარი – გაერთიანებულ სამეფოზე მოდის. შემდეგია – ნიდერლანდები – 125.9 მლნ აშშ დოლარით და ჩეხეთის რესპუბლიკა – 81.8 მლნ აშშ დოლარით.
გასულ წელს საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების წილი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება: თურქეთი – 64.7 მლნ აშშ დოლარი; რუსეთი 58.6 მლნ აშშ დოლარი; ლუქსემბურგი – 41 მლნ აშშ დოლარი; არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 34.8 მლნ აშშ დოლარი; გერმანია – 31.6 მლნ აშშ დოლარი; მარშალის კუნძულები – 21.3 მლნ აშშ დოლარი; სეიშელები – 19.8 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი ქვეყნები – 76.7 მლნ აშშ დოლარი.
2021 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი – 443.4 მლნ აშშ დოლარი საფინანსო სექტორზე მოდიოდა. შემდეგ მოდიან: გართობა, დასვენება და სხვა სახის მომსახურება – 230.5 მლნ აშშ დოლარი; ენერგეტიკა – 157 მლნ აშშ დოლარი; დამამუშავებელი მრეწველობა – 143 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 84.1 მლნ აშშ დოლარი; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება – 28.2 მლნ აშშ დოლარი; მშენებლობა – 27.6 მლნ აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობა, თევზჭერა – 9 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები – 7.7 მლნ აშშ დოლარი; ტრანსპორტი – 4.7 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი სექტორები – 17.5 მლნ აშშ დოლარი.
2021 წლის მეოთხე კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ საქართველოში 411.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2020 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 616.9 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 52.9%-ით ნაკლებია. მაშინ საქსტატმა შემცირების მთავარ მიზეზად რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლა დაასახელა.
ასევე წაიკითხეთ:
- თებერვალში წლიური ინფლაცია 13.7% იყო
- იანვარში ქვეყნის მშპ 18%-ით გაიზარდა
- იანვარში საგარეო ვაჭრობა 41.2%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)