„მედიაზონის“ ჟურნალისტი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

კრემლის მიმართ კრიტიკული კიდევ ერთი დამოუკიდებელი რუსულენოვანი გამოცემის, „მედიაზონის“ ჟურნალისტი, დევიდ ფრენკელი ამბობს, რომ საზღვარზე 14-საათიანი ლოდინის შემდეგ საქართველოში არ შემოუშვეს.

მისივე თქმით, მესაზღვრეები მთელი ამ ხნის განმავლობაში, სადღაც რეკავდნენ, მხრებს იჩეჩდნენ და ზოგჯერ ბოდიშსაც კი იხდიდნენ, იმის გამო, რომ მათ თავადაც არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ და პასუხს „ზევიდან“ ელოდნენ.

„საბოლოოდ უარი მივიღე. არ დაგვაპურეს, თუმცა შევეცოდეთ და იქვე [მდგარ] დივანზე დაგვსვეს“, – დაწერა მან 10 მარტს Twitter-ზე.

„მომწონს, როდესაც საქართველოს ხელისუფლების [წარმომადგენლები] წერენ, რომ [ქვეყანაში შემოსვლაზე] ყველა უარის შესახებ გადაწყვეტილებას მესაზღვრეები ადგილზე იღებენ“, – თქვა მან.

მანამდე, ფრენკელის მეუღლემ, ვარია მიხაილოვამ Facebook-ზე დაწერა, რომ მათ საქართველოსკენ მიმავალ გზაზე 40 საათი გაატარეს, შემდეგ ზვავსაშიშროების გამო საზღვრის გახსნას 2 დღეს ელოდნენ, რის შემდეგაც 8 საათი რუსეთის საზღვრის მხარეს და 14 საათი საქართველოს საზღვრის მხარეს მხოლოდ იმისთვის იცადეს, რომ მისი ქმრისთვის საქართველოში შემოშვებაზე უარი ეთქვათ და დასაბუთებად „სხვა მიზეზები“ დაესახელებინათ.

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში შემოსვლაზე უარი დამოუკიდებელი მედიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს უთხრეს, „რომლებიც ახლა [უკრაინაში მიმდინარე] ომის შესახებ სიმართლეს წარმოუდგენელი რისკების ფასად წერენ“.

მანამდე, 5 მარტს მიზეზის განმარტების გარეშე საქართველოში არც რუსული დამოუკიდებელი ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტი და წამყვანი, მიხაილ ფიშმანი შემოუშვეს. „ნათელია, რომ იმიტომ არ შემომიშვეს, რომ მე რუსეთში პოპულარული ჟურნალისტი ვარ“, – უთხრა მან 6 მარტს რადიო „თავისუფლების“ ქართულენოვან სამსახურს.

ჯერ კიდევ 6 მარტს კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „საზღვრის კვეთისას არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები პროფესიული საქმიანობის გამო შევიწროებულ რუს ჟურნალისტებს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „მედიაზონის“ ჟურნალისტის არშემოშვებაზე საჯარო განმარტება არ გაუკეთებიათ. 10 მარტს, შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზუსტად არ იცის, თუ რატომ არ შემოუშვეს „დოჟდის“ ჟურნალისტი, თუმცა დასძინა, რომ მიზეზი იქნებოდა „ჩვეულებრივი გაწერილი წესის“ დარღვევა.

„ბევრი ადამიანი არ შემოვუშვით, 100-ზე მეტი. ერთ-ერთი, ალბათ, ეგეც [ფიშმანი] მოყვა, არ ვიცი“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.


ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოში შემოსვლაზე უარი კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილ პირებს უკვე რამდენჯერმე უთხრეს. მათ შორის იყო პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მთავარი მოკავშირე, ლიუბოვ სობოლი.

შენიშვნა: მასალა 17 მარტს, 12:20 სთ-ზე განახლდა. თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ დევიდ ფრენკელი „მედუზას“ ჟურნალისტი იყო და არა „მედიაზონის“. „სამოქალაქო საქართველო“ ბოდიშს გიხდით, შექმნილი უხერხულობისთვის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)