პრეზიდენტმა წლიური საპარლამენტო მოხსენებისას მმართველი გუნდი და ოპოზიცია გააკრიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 14 მარტს წლიური საპარლამენტო მოხსენებისას უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისაუბრა და მმართველი გუნდი და ოპოზიცია გააკრიტიკა.
ქვემოთ, პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლის სრული ტექსტია წარმოდგენილი:
„დღეს ჩვენ თვალწინ შემზარავი კადრები იშლება. რუსეთის მიერ დაბომბილი საავადმყოფოები, საბავშვო ონკოლოგიური საავადმყოფო, ბაგა-ბაღები და სკოლები, თუნდაც ერთმორწმუნე ერის ეკლესიები. მოხუცების და ორსულების ევაკუაცია. უკრაინელი მეომრების, თუ რიგითი მოქალაქეების შეუპოვარი ბრძოლა საკუთარი მიწის, სამშობლოს დასაცავად და დამოუკიდებლობის გადასარჩენად. რუსულ აგრესიასთან ასეთი თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას, სოლიდარობასა და გვერდში დგომას იწვევს.
საქართველო იდგა და დგას უკრაინის და უკრაინელების გვერდით!
მინდა გთხოვოთ ფეხზე ადგომით დავუდასტუროთ ჩვენი სოლიდარობა! გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ თავდადებულ გმირებს!
მადლობა მინდა მოვახსენო ჩვენთან მოსულ უკრაინის წარმომადგენელს, ბატონ ანდრიი კასიანოვს და მასთან ერთად ყველას, ვინც დღეს კიევში, ოდესაში თუ მარიუპოლში ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს ევროპულ მომავალს იცავს.
მინდა იცოდეთ თქვენ, (მივმართავ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს), რომ აქ გამოვხატავთ სრულიად საქართველოს ერთიან სულისკვეთებას. აქ გამოვხატავთ, ყველა აქ შეკრებილნი, სახელმწიფოს და მისი ყველა ინსტიტუტის, ყველა პოლიტიკური ძალის და რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერას. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს აქ, ჩვენთან ერთად, ეკლესიაა წარმოდგენილი და ჩვენ ყველა ერთად სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას და უკრაინელებს!
დღეს ამ ტრაგედიის შემყურეთაგან, ვინც ყველაზე კარგად აცნობიერებს, რას ნიშნავს რუსული საუკუნოვანი იმპერიალიზმი, ჩვენ, ქართველები ვართ! ქართველებს ყველაზე კარგად გვესმის და ვიზიარებთ, იმას თუ რას განიცდის უკრაინელი ერი!
უკრაინამ და საქართველომ ერთი გზა გავიარეთ: რუსული იმპერიისგან გათავისუფლება, დამოუკიდებლობის მოპოვება, საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობა – თავისი აჯანყებებით, რეპრესიებითა და ჰოლოდომორით, დამოუკიდებლობის აღდგენა, რუსეთის მიერ პროვოცირებული სეპარატისტული კონფლიქტები, კიდევ ომი და კიდევ ოკუპაცია. მიუხედავად ამისა, ხელი ვერავინ და ვერაფერმა აგვაღებინა თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე. ზურგი ვერავინ და ვერაფერმა შეგვაქცევინა ჩვენ მიერ არჩეული ისტორიული ევროპული გზისათვის.
საქართველოს ისტორია, ისევე როგორც უკრაინის, სიამაყისა და თავდადების ისტორიაა. ისტორიაა განსაცდელისა და ტრაგედიების, დამპყრობლებთან შეუპოვარი, გმირული, თავგანწირული ბრძოლის მაგალითების. ასე იქმნება ერი! ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის სასწაული მის გამძლეობაში, ქედმოუხრელობაში, გაუტეხელობაში, სიამაყეში იყო და არის! დღეს, ჩვენ უკრაინაში სწორედ ასეთ სასწაულ შემართებას ვხედავთ, რაც მჯერა, რომ მხოლოდ გამარჯვებით შეიძლება დასრულდეს.
დღეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს, უმძიმესი დღეები უდგას, თუმცა უკრაინის ბრძოლა ჯერ გამარჯვებული თუ არა, უკვე წარმატებულია! წარმატებული, რამეთუ ამ მოვლენებმა მსოფლიოს თვალი გაახელინა და გამოაღვიძა.
უდავოდ უკრაინის დამსახურებაა უპრეცედენტო საერთაშორისო სოლიდარობა და ამ სოლიდარობაში ერთიანობა. უდავოდ უკრაინის დამსახურებაა ევროკავშირის არნახული ერთსულოვნება და სიმტკიცე, ამერიკის და ევროპის ერთობლივი მოქმედებები. მისი დამსახურებაა, დღეს უკვე იზოლირებული და ხვალ კი, დასუსტებული რუსეთი.
დღეს ყველასთვის გარდამტეხი მომენტია და მათ შორის, საქართველოსთვის, რამეთუ დღეს ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე, რომლებიც შესაძლოა, ხვალ კიდევ უფრო მწვავე გახდეს. თუმცა ამავდროულად, როგორც სჩვევია ისტორიას, გამოწვევებთან ერთად, კრიზისებს და ომებს ახალი შესაძლებლობები მოაქვთ. ახალი გზები იხსნება. ამ ახალ გზაზე, საქართველომ თავისი ადგილი სწორედ ახლა უნდა დაიმკვიდროს. უნდა გვესმოდეს რა ხდება, გავიაზროთ და მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის და არა პასიურად ვისხდეთ და ველოდოთ მომავალი რას დაგვახვედრებს. ეს არის ჩვენი, ყველა აქ მჯდომის ვალდებულება ქვეყნის წინაშე! დრო აღარ ითმენს! თუ ახალ მოვლენებს, საფრთხეებსა და ახალ შესაძლებლობლებს მზადყოფნაში არ დავხვდებით – ეს დრო აღარ დაბრუნდება!
ამიტომ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის, და ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს, ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე: „ძალა ერთობაშია“!
საზოგადოება კი თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანი. დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ. ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე.
დღეს კი, ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე!
უმრავლესობა, თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს. ოპოზიცია, თანხმობის ძიების მაგივრად, ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას, თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს.
ორივე მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულიად მიუღებელია და საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს, ქვეყნისთვის, როგორც შიგნით ასევე გარეთ, დამაზიანებელია, და გარკვეულწილად საფრთხის შემცველი. ქვეყნის შიგნით იწვევს დაყოფას, გვასუსტებს, ძალას გვაცლის, აბნევს და აფრთხობს საზოგადოებას. ქვეყნის გარეთ კი, გაუგებარს ხდის ჩვენი სახელმწიფოს მისწრაფებების მდგრადობასა და მიზანმიმართულობას.
ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. ამას გამართლება არ აქვს. სიფრთხილისა თუ შიშის ვერცერთი არგუმენტი ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს!
ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა.
ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში, თუ გასაჯაროებაში. როცა სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ განიხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება. ვინმე დაიჯერებს რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არცერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არცერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარასარდლის დასწრებით. სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები!
ოპოზიცია სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას! თითქოს ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც ნატოსთან და ამერიკასთან პარტნიორობის. ან კიდევ უარესი, როცა ამტკიცებს, ვითომცდა მთავრობამ – და მაშასადამე ქვეყანამ – შეცვალა პროდასავლური კურსი! ეს ხომ ქვეყნის და შენი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ესოდენ ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, ხომ მხოლოდ მთავრობას არ აზიანებს, არამედ ქვეყანას, და მტრის საქმეს აკეთებს!
ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს. ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მით უმეტეს, ამ უაღრესად დაძაბულ პერიოდში. მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია! რა „დროა“ კეტჩუპის და ფქვილის? ეს „სირცხვილია“!
ოპოზიცია სცოდავს, როცა რადიკალურ ზომებზე აპელირებს და ამითი ცდილობს, მთავრობის შერყევას, ანუ შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას. ამ დროს კი, ქვეყანას აყენებს ჩიხურ მდგომარეობაში და შესაძლოა, საფრთხის ქვეშ, ისე რომ ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. გაერთიანებაზე სიტყვიერად აპელირებს და რეალურად, პოლიტიკური ნიშნის მოგებას და პროვოკაციებს არ, თუ ვერ ელევა.
თუმცა ვეთანხმები ორივეს, ხელისუფლებას იმაში, რომ გარკვეული სიფრთხილეც გვჭირდება და ოპოზიციას იმაში, რომ გარკვეული გამბედაობაც შეგვიძლია.
ამიტომ, მე არ და ვერ შევალ აქ, მთავრობის ცალკეული განცხადებებისა, თუ მოქმედებების შეფასებაში, რომლებიც უკრაინის ომს და ჩვენს უსაფრთხოებას ეხება. ასეთი განხილვები დახურულ, ოღონდ ინკლუზიურ ფორმატში, ყველას ჩართულობით, მოსმენით და აზრთა გაცვლით უნდა ხდებოდეს და შემდეგ ყველა უნდა იღებდეს მიღებულ გადაწყვეტილებზე ერთობლივ პასუხისმგებლობას. ამ ფორმატის შექმნა კი, ხელისუფლებას ევალება.
ამიტომ, მე არ და ვერ შევალ აქ იმ ცალკეული პიროვნებების ქმედებების გარჩევაში, რომლებიც მიზანმიმართულად მანიპულირებენ და ცდილობენ ამ უმძიმეს დროს ორ მეგობარ ქვეყანას შორის დათესონ გაუგებრობა, წყენა, უთანხმოება და გააჩინონ რაიმე ბზარი. ყველასთვის გასაგებია და ამას ჩვენი პარტნიორებიც კარგად ხვდებიან, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება რუსეთისთვის და მხოლოდ რუსეთისთვისაა ხელსაყრელი.
მე არ და ვერ შევალ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამეთუ პასუხი, ერთხელ უკვე გაცემულია. უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება კი, მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია.
კიდევ ერთხელ, ჩვენსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია. მე ამას არ დავუშვებ! ამიტომ, როგორც შარშან, 9 აპრილს, ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში ასევე, დღეს აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი.
ამ ურთულესს პერიოდში, დღეს მაინც გავახილოთ თვალი და შევიგნოთ თუ რა ხდება ჩვენს თავს. ყველა ერთად აზრზე მოვიდეთ, ჩავდგეთ ამ ახალ კალაპოტში და ქვეყანას ვაჩვენოთ გეზი და გზა!
გამოვასწოროთ ის, რაც წინსვლის და წარმატების გზაზე გვაფერხებს. ერთიანობა ჩვენი ერთადერთი გამოსავალია! ეს ერთიანობა იწყება პრეზიდენტით, რამეთუ კონსტიტუციით ის ერთიანობის გარანტია.
ამიტომ აბსურდია, სხვა რომ არა ვთქვა რა, როცა პრეზიდენტს ბრალს სდებ საზოგადოების დაყოფაში, მაშინ, როცა ის, რუსთაველზე გამოჩნდა იმისათვის და იმის გამო, რომ სრულიად საქართველო წარმოედგინა! წარმოედგინა ყველა, ვინც პოლიტიკური პლაკატების გამო არ მივიდა და ვინც უბრალოდ ვერ მივიდა. ამავდროულად, პრეზიდენტი, რუსთაველზე მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის მასპინძლად წარდგა, როგორც ამას ქართული ზრდილობა მოითხოვს! ეს დაყოფა კი არაა, ეს ეროვნული თანხმობის პირველი გამოხატულებაა! ვისაც ეს არ ესმის, ერის ხმაც არ ესმის! პოლიტიკოსებმა თუ ვერა, საზოგადოებამ ეს ყველაფერი მშვენივრად გაიგო.
და დროა ყველამ გაიგოს, რომ პრეზიდენტი არც ერთი პოლიტიკური ძალის კუთვნილება არაა და არც მეორეს კუთვნილება გახდება. ის ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ინაუგურაციაზე დადებულ პირობას: „კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი“.
პრეზიდენტის ინსტიტუტს მხოლოდ პატივისცემა არ ჰყოფნის, მასთან თანამშრომლობა აუცილებელია, მითუმეტეს ამ ურთულეს პერიოდში. ომი უკრაინაში, ევროკავშირის ახალი მიდგომები, საქართველოს ადგილი ამ ცვლილებების ფონზე, საფრთხეები და მზადყოფნა… ეს ის თემებია, რომლებიც ნებისმიერ ქვეყანაში განხილვის და მსჯელობის საგანი იქნებოდა და უნდა იყოს, არა მხოლოდ მთავრობის წიაღში, არამედ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, პარლამენტში უმრავლესობასა და სხვადასხვა ოპოზიციას შორის.
ამიტომ ორი კვირის წინ, ხელი მოვაწერე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას, რომელსაც უკრაინის საკითხი უნდა განეხილა. ამიტომ მოვითხოვე უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებულ ფორმატში ჩატარება.
ამიტომ მივმართე პარლამენტს, რათა ჩემი ევროპიდან დაბრუნებისთანავე, 5 მარტს დაენიშნა ჩემი გამოსვლა. არცერთი მოწოდება გაზიარებული არ იქნა, არ ჩანიშნულა არც რიგგარეშე სხდომა, არც გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, დაბოლოს, წლიური გამოსვლისათვის მოთხოვნილი თარიღიც არ იქნა დაკმაყოფილებული.
ამ დროს გაუგებარია, როცა საჭიროება ყველაზე დიდია და დრო არ ითმენს, პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები. 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა და ასეთი შეზღუდვები, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია. შეზღუდვების დრო კი არა, პირიქით, ვისაც რა შეგვიძლია, საერთაშორისო დონეზე, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულნი, მოსვენებას არ უნდა ვაძლევდეთ ჩვენს პარტნიორებს! მე კი მგონია, რომ ჩემი ორმოცწლიანი გამოცდილება დიპლომატიისა და სტრატეგიულ საკითხებში, და ამ პერიოდში შეძენილი პირადი კონტაქტები ამ ქვეყნისთვის მაქსიმალურად გამოსაყენებელია, ვიდრე დასაკარგი.
დღეს წინ გვიდგას ორი საკითხი, რომლებიც ერთად მოქმედებას გვაიძულებენ: ეს არის, ახლად დასმული ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი და უკრაინის მხარდაჭერის და მის ირგვლივ შექმნილი პრობლემატიკა.
ჩემმა ევროპაში ვიზიტმა დამარწმუნა, რომ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ახალი, რეალური და ნამდვილი შანსი, რეალური მზადყოფნა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ამ მოცემულობაში კი, აუცილებელი იყო და მაქსიმალურად ვეცადე, პირადი შეხვედრებით, თუ საერთაშორისო მედიაში გამოსვლებით გამემყარებინა საქართველოს კუთვნილი ადგილი ამ პროცესებში, რათა არ გაჩენილიყო იმის ცდუნება, რომ საქართველო ან დაევიწყებინათ, ან სხვა ჭრილში განეხილათ, ვიდრე უკრაინა ან მოლდოვა.
ახლა ყველა მხრიდან ისმის: რა გავაკეთოთ? როგორ გავზარდოთ ჩვენი შანსები? როდის და როგორ? გიპასუხებთ : ერთიანობა! ერთიანობა და ერთიანობა!
არანაირი დაყოფა და ცალ-ცალკე სირბილი ჩვენს პარტნიორებთან! საჭიროა ერთიანი შეთანხმებული გეგმის მომზადება და წარდგენა, რომელიც შემდეგ არ დაექვემდებარება ანულირებას! პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და პარლამენტი, ყველა პოლიტიკური ძალა, მედია, არასამთავრობოები, რიგითი მოქალაქეები, ყველა ერთი გეგმის ირგვლივ და ერთი მიზნით უნდა გავერთიანდეთ და ვმოქმედებდეთ. ვმუშაობდეთ იმ რეფორმების პაკეტზე, რომლის შესრულება აუცილებელი იქნება თუ სერიოზულად ვხედავთ ჩვენ მომავალს ევროპაში. ეს იქნება ეროვნული თანხმობის ნამდვილი გამოხატულება, რომლის გარეშეც, აქამდე ევროკავშირში არცერთი ქვეყანა გაწევრიანებულა.
ასევე, უკრაინის ომის მიმართ ჩვენი მიდგომა სრულიად კონსოლიდირებული უნდა იყოს, არ შეიძლება ვინმეს, მოყვასსა თუ მტერს, ეჭვი გაუჩნდეს, რომ ჩვენ ესოდენ ეგზისტენციალური ყოფნა არ ყოფნის საკითხზე ვერ ვთანხმდებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ბევრად საღად აზროვნებს და მისი კონსოლიდაცია შესაძლებელია. ნათელია, რომ ქვეყანა, რომელიც ისტორიულად დამოუკიდებლობის დაცვის და უთანასწორო ომების სამაგალითო მემკვიდრეა, მორალურად უკრაინის მხარეს დგას. ასევე, ნათელია, როგორც ამერიკის სახელმწიფო უწყების წარმომადგენელმა თავად ახსნა, რომ არ შეიძლება ვინმეს არ ესმოდეს რა განსაკუთრებულ პირობებში იმყოფება ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20 % ოკუპირებულია და საოკუპაციო ხაზი დედაქალაქიდან 40 კმ-ში გადის.
ჩვენი გზა ხომ ერთია: პრინციპული, თუმცა გონივრული, არც კონფრონტაციისკენ პროვოცირება, არც წინსწრებით დათმობის და ზედმეტი სიფრთხილის ბუნდოვანი პოლიტიკა. თუკი, ეს ხაზი გახდება ჩვენი გამაერთიანებელი, ადვილი იქნება ამ ჭრილში განვიხილოთ ყველა სენსიტიური საკითხი, სანქციები თუ სხვა. ერთი მხრივ, აუცილებელია სიფრთხილე, გამომდინარე ოკუპაციიდან, რეგიონული გამოწვევებიდან და ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან. მეორე მხრივ კი, მოითხოვს მოვიქცეთ, უკრაინის მეგობრისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისთვის შესაფერისად. სენსიტიური საკითხია ქვეყანაში რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლა, რომელიც არ უნდა გახდეს არც ჩვენი დაყოფის, არც ქვეყნის რეპუტაციის შელახვის და არც პანიკის მიზეზი. აქაც უნდა შევინარჩუნოთ დაბალანსებული პოზიცია. ამ მხრივ, დამაზიანებელია ის ოფიციალური განცხადებები, რომლებიც საქართველოში ეთნიკური დისკრიმინაციის საფრთხეზე აპელირებენ ნაცვლად ამისა, ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი და დროული ინფორმაცია და დაარწმუნოს იმაში, რომ სამოქალაქო წესრიგი სათანადოდაა უზრუნველყოფილი, როგორც საზღვარზე, ასევე ქვეყანაში.
მინდა მივმართო მთავრობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ამ ურთულეს პერიოდში გამოყენებული იქნას ყველა ძალისხმევა, რათა შევძლოთ ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება: ერთი მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და მეორე მხრივ, უკრაინასთან მიმართებაში. ისე რომ, არცერთი საკითხი არ იქნას გამოყენებული ვიწრო, პოლიტიკური ინტერესებისათვის. მივესალმები გაწევრიანების შესახებ პრემიერის განცხადებას, მივესალმები რეზოლუციას, რომელიც მუშავდება პარლამენტში და ყველას მოვუწოდებ, რომ ეს რეზოლუცია ერთსულოვნად იქნას მიღებული. ასევე, გავეცანი რამდენიმე არასამთავრობოს მიერ შექმნილ განცხადებას, საზოგადოების სხვა პეტიციებს, თუ ინიციატივებს, რომლებსაც ასევე მივესალმები.
გთავაზობთ, რომ ყველა ეს წამოწყება იყოს გაერთიანებული და ყველამ ერთად მოვაწეროთ ხელი ერთ დოკუმენტს, რომელიც იქნება ჩვენი განაცხადის მხარდამჭერი და ნიშანი ამ საკითხზე ჩვენი სრული ერთიანობისა. და გადაეგზავნოს ევროკავშირს ერთ პაკეტად საქართველოს სახელით.
გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნას შერჩეული. ის განახორციელებს კოორდინაციას, რათა გაწევრიანების მოთხოვნები მყისიერად იქნას შესრულებული, როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ხდება.
მოვუწოდებ მთავრობას, რომ ოპოზიციურ სპექტრის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული, ან სხვა ფორმატი, სადაც განხილული იქნება ყველა სენსიტიური საკითხი. და აქვე, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ ყველასათვის უმძიმეს პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენის გამოყენებაზე.
და ბოლოს, მივმართავ ხალხს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ კერძო წამოწყებისა და სოლიდარობის ინიციატივებისთვის, რითაც უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატეთ ასევე, მინდა უკრაინაში მაცხოვრებელი ჩვენი თანამემამულეების სახელით და პირადად ჩემი სახელით მადლობა მოვახსენო საელჩოს და საკონსულოების თანამშრომლებს კიევში, ოდესასა და ლვოვში, მათი პერსონალური და დაუღალავი თავდადებისათვის.
მინდა გითხრათ, რომ გველოდება რთული პერიოდი, მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარება, როგორც მთელ მსოფლიოს. ეს ჩვენი საზოგადოების შესატანი წვლილია, იმ დროს, როცა ჩვენი უკრაინელი ძმები სისხლით და ბრძოლით იცავენ ჩვენს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ახალი მომავლის კარს გვიხსნიან.
მინდა იცოდეთ, რომ მე არაფერს დავიშურებ, რომ მთავრობასა და ოპოზიციასთან ერთად მოვნახოთ თანამშრომლობის და ერთიანობის საშუალება. ერთად აღვუდგეთ საფრთხეებს წინ და ერთად მოვნახოთ ყველა ახალ კარის გასაღები. თქვენც გმართებთ თქვენი წვლილი შეიტანოთ, თქვენი ვალდებულება შეასრულოთ და ეროვნული თანხმობა რეალობად აქციოთ, რამეთუ ეს არის ქვეყნის რეალური საყრდენი, რომელიც ყველაფერს გაგვაძლებინებს და ყველაფერს შეგვაძლებინებს.
დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! გაუმარჯოს საქართველოს!“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)