6 ივლისს „პალიტრა ნიუსის“ ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებულს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 ივლისს, „პალიტრა ნიუსის“ ოპერატორ ბექა მშვილდაძეზე ძალადობისთვის ბრალდებულს, ირაკლი ყავლაშვილს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ინციდენტი 2021 წლის 6 ივლისს, ჟურნალისტებზე ჰომოფობიური ძალადობიდან მეორე დღეს, თბილისში, ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატიული ჯგუფების მიერ ძალადობის საწინააღმდეგო აქციის „თავისუფლებისთვის“ წინააღმდეგ ორგანიზებულ კონტრაქციაზე მოხდა, რა დროსაც, სამართალდამცველებმა ჯამში 102 პირი დააკავეს, მათგან 100 ადმინისტრაციული წესით.
ყავლაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 154-ე (მე-2) და 126-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლასა და ძალადობას გულისხმობს.
ეს გასული წლის 5-6 ივლისის საქმეზე დაკავებულთა პირველი გამამტყუნებელი განაჩენია.
ივლისის მოვლენებისას, ჟურნალისტებზე ჰომოფობიური თავდასხმისას, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც მასზე ძალადობიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ჰომოფიბიური ძალადობის საქმეზე სამართალდამცველებმა ჯამში 31 პირი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებზე ძალადობისთვის.
საგულისხმოა, რომ სამართალდამცველ ორგანოებს 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ გამოუვლენია და ბრალი ჯერ არავისთვის წაუყენებია.
ასევე წაიკითხეთ:
- სასამართლომ 5 ივლისს „რუსთავი 2-ის“ ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლა
- შსს-მ ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქციაზე 102 პირი დააკავა
- „ღირსების მარშის“ კონტრაქციის მონაწილეების მასობრივი თავდასხმა ჟურნალისტებზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)