ზუგდიდში „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ განცხადებით, 17 მარტს, გვიან ღამით, ქალაქ ზუგდიდში მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და სცემეს.
„მთავარი არხის“ სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტის, ემა გოგოხიას თქმით, მათ თავს იმ დროს, დაესხნენ, როდესაც ისინი ზუგდიდში კონსერვატიული მოძრაობის ოფისში ინტერვიუს ჩასაწერად მივიდნენ.
„[კონსერვატიული მოძრაობის ოფისთან] დაახლოებით 4 მანქანა ერთდროულად გაჩერდა და [თავდამსხმელები] ორგანიზებულად გადმოვიდნენ, ისინი კასტეტებით შეიარაღებულები იყვნენ“, – გაიხსენა მან.
გოგოხიას თქმით, მის ოპერატორს დაახლოებით 8 ადამიანმა „უმოწყალოდ სცემა“ და აპარატურა დაუმტვრია. ჟურნალისტის თქმით, თავდამსხმელებმა ფიზიკურად მასზეც იძალადეს.
გოგოხიას მონაყოლით, თავდამსხმელების მთავარი სამიზნე კამერა იყო და ისინი ერთმანეთს მიუთითებდნენ, რომ „აპარატურა დაემტვრიათ და გაეტაცებინათ“.
მისი ვარაუდით, მიზეზი ის იყო, რომ „მთავარი არხის“ გადამღებმა ჯგუფმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ-ის დაახლოებით 6 თანამშრომელი იმ დროს დააფიქსირა, როდესაც ისინი კონსერვატიული მოძრაობის ოფისზე დახატულ უკრაინის დროშას და წარწერებს შლიდნენ და, სავარაუდოდ, „ ამ ფაქტის გასაჯაროება არ უნდოდათ“.
„ჩვენ გვქონდა შეკითხვა რატომ ასუფთავებდნენ ისინი [კონსერვატიული მოძრაობის] ოფისის კარს და ვისგან მიიღეს მითითება. ამ შეკითხვის შემდეგ, ისინი გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან და რამდენიმე წუთში მოვიდნენ [თავდამსხმელები]“, – აღნიშნა მან.
გოგოხიას თქმით, მათზე ძალადობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები „შორიდან უყურებდნენ“ და საქმეში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვნენ, რაც მოქალაქეები მათ „შველას შეეცადნენ“. მისივე თქმით, სამართალდამცველებმა რამდენიმე თავდამსხმელი დააკავეს, თუმცა „არა ყველა“.
მოგვიანებით, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოძალადე კამერის მიმართულებით იქნევს ხელს და იგინება. ამის შემდეგ, კადრი ძირს ეშვება, რა დროსაც, ოპერატორი, გარბის და მას სავარაუდო მოძალადე მისდევს და აგინებს. ისმის ჟურნალისტის სიტყვებიც – „გამოდი…, ბიჭო გაჩერდი…, ხელი კამერას…“. კადრების ბოლოს ჩანს, რომ მამაკაცი, სავარაუდოდ, ოპერატორი ძირს ეცემა.
მომხდარზე საქმე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით (მე-2) აღძრა, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლას გულისხმობს და სასჯელის მაქსიმალურ ზომად 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
გუშინ, თბილისში, ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, თავს ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსაც დაესხნენ. გამოძიება ამ შემთხვევაშიც სსსკ-ის 154-ე მუხლით დაიწყო.
მედიაკოალიცია მომხდარს „მედიისთვის შექმნილი მტრული გარემოს“ შედეგად აფასებს
„მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა „მედიისთვის შექმნილი მტრული გარემოს” შედეგად და „ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ არაერთ დანაშულზე არასათანადო რეაგირებით“ წახალისებულ ქმედებად შეაფასა დღეს კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის.
კოალიციამ მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს „ჩაატაროს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)