უკრაინელ მოსწავლეებს ქართული სკოლები გამარტივებული წესით იღებენ
განათლების სამინისტროს ცნობით, უკრაინელი მოსწავლეებისათვის, რომლებიც ომის გამო სამშობლოში სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებენ, საქართველოს სკოლებში ჩარიცხვის წესები გამარტივდა.
19 მარტის დილით სამინისტრომ განაცხადა, რომ 38 უკრაინელი მოსწავლე უკვე ჩაირიცხა თბილისისა და რეგიონების სკოლებში. სულ ქართულ სკოლებში სწავლის გაგრძელების სურვილი 72 უკრაინელი მოწაფის მშობელმა გამოთქვა.
უკრაინელ ბავშვებს სწავლა საჯარო და კერძო სკოლებშიც შეეძლებათ, როგორც ქართულ, ასევე სხვა ენებზე.
ამასთან, განათლების სამინისტროს თქმით, უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას სთავაზობენ.
ჩვეულებრივ, მოქმედი რეგულაციებით, საქართველოს სკოლებში სწავლის გაგრძელების მსურველ მოსწავლეს მოეთხოვება თავის ქვეყანაში მიღებული განათლება საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აღიარებინოს და სხვადასხვა ტიპის საბუთი წარმოადგინოს. უკრაინელი ბავშვები ამ რეგულაციებისაგან თავისუფლდებიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)