28 მარტიდან გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტიდან გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, პირბადის ტარება სავალდებულო რჩება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში.

მისივე თქმით, ასევე უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა კვების ობიექტებში, ასევე სპორტულ და სახელოვნებო ღონისძიებებზე.

გარდა ამისა, უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე ბრუნდებიან.

ღიბრაძის განმარტებით, ნარჩუნდება ვაქცინაციაზე დაწესებული წახალისების პროგრამა, რაც 50 წელს ზევით მოქალაქეებისთვის აცრის პირველ დოზაზე 200-ლარის, ბუსტერზე კი – 100 ლარის ჩუქებას გულისხმობს.

„პანდემია დასასრულს უახლოვდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

„ჰოსპიტალიზაციები არის მნიშვნელოვნად შემცირებული, [ასევე] ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები. 800-ზე ნაკლებია უკვე ჰოსპიტალში ვინც მკურნალობს დღეს. ასევე, სიკვდილიანობას ხედავთ, რომ ძალიან შემცირებულია“, – თქვა მანვე.

აზარაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას საქართველოს უკვე ექნება „ფაიზერის“ მიერ წარმოებული კოვიდის სამკურნალო პრეპარატი.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ მედიკამენტი ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა, თუმცა კონკრეტული დოზების რაოდენობა არ დაასახელა.

თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია „დასტაბილურდა“.

მისი თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დადებითობის მაჩვენებლი 5%-ს ჩამოსცდა, რეპროდუქციის ინდექსი 0.47-ს შეადგენს. ამასთან, 2021 წლის ზაფხულიდან დღეს სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (7) დაფიქსირდა.

22 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში (ოკუპირებული რეგიონების გამოკლებით) კოვიდის 1 643 295 შემთხვევაა დადასტურებული. 1 601 578 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 16 678 კი – გარდაიცვალა.

დღეს კოვიდის 1 053 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 067 განიკურნა, 7 გარდაიცვალა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)