აფხაზეთში „უზენაესი სასამართლოს“ ახალი თავმჯდომარე აირჩიეს

აფხაზმა „დეპუტატებმა“ 21 მარტს 38 წლის საიდა ბუთბა ოკუპირებული რეგიონის „უზენაესი სასამართლოს“ ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს. მას მხარი 32 „დეპუტატმა“ დაუჭირა, წინააღმდეგი 2 იყო.

ერთი თვის წინ, 17 თებერვალს, ბუთბა იმავე „სასამართლოს მოსამართლე“ გახდა. მისი თავმჯდომარეობის ვადა მოსამართლეობის 10 წლიანი ვადის დასრულებასთან ერთად ამოიწურება.

ბუთბა იურიდიულ ფაკულტეტზე ადიღესა და რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობდა. 2009 წლიდან მას აფხაზეთში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

2010-2020 წლებში, ბუთბა აფხაზეთის „უშიშროების სამსახურის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო, ხოლო 2020-2022 წლებში ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

ბუთბას მეუღლე რაშ ცვიჟბაა, „შინაგან საქმეთა მინისტრის“ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული მოადგილე, რომლის წინააღმდეგაც სოხუმში 30 სექტემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს.

„სასამართლოს თავმჯდომარის“ თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც წინა თავმჯდომარემ, მანანა დელბამ თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც სოხუმის „საქალაქო სასამართლომ“ მის მიერ „უზენაესი სასამართლოს“ აპარატის უფროსის, ჯემალ გოგიას გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)