არასამთავრობოები მთავრობას უკრაინაზე „არათანმიმდევრული რიტორიკის“ გამო აკრიტიკებენ
22-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულ ომზე საქართველოს მთავრობის „ბუნდოვანი და არათანმიმდევრული რიტორიკა ეჭვებს აჩენს მისი, როგორც დასავლეთის ქვეყნების პარტნიორის სანდოობასთან და ერთგულებასთან დაკავშირებით“.
ხაზი გაუსვეს რა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, დასავლეთი უპრეცედენტო ერთიანობას აჩვენებს, არასამთავრობოებმა ხაზი გაუვეს, რომ საქართველოსთვის ახლა ჩნდება „ისტორიული შანსი“, რომ „რეალურად გახდეს დასავლური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი“. მათი შეფასებით, ამ მიზნით, მთავრობის მიერ ქვეყნის „სტრატეგიული ინტერესები სრულად და მკაფიოდ იყოს გაცხადებული“.
უფლებადამცველების განცხადებით, ქართულმა ოცნებამ „ღიად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსიროს ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“ და „შეწყვიტოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველი პოზიციონირება“.
- CRRC: საქართველოს მოსახლეობას მთავრობის მხრიდან უკრაინის მეტი მხარდაჭერა სურს
- უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიხმო
ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასევე მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ იგი ერთგულია დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების მიმართ.
„ქართულმა ოცნებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოქალაქეების ომით დაშინება და ამ გზით მათი დემორალიზება“, – ნათვამია განცხადებაში.
მათი შეფასებით, ბოლო პერიოდში, ეს „გამოკვეთილ პროპაგანდისტულ ხაზად გასდევს არა მხოლოდ მმართველი ძალის წარმომადგენელთა განცხადებებს, არამედ გააქტიურებულია მათთან აფილირებული პირების რიტორიკაშიც“.
- „უმძიმესი სიტუაციაა“ – ზალკალიანი უკრაინის მიმართ „ფრთხილ“ დამოკიდებულებას ემხრობა
- პრემიერის თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება
მესამე სექტორი ასევე საჭირო მიიჩნევს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომის ჩატარებას, რათა „საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების თაობაზე“.
„პარლამენტში, უმრავლესობის, ოპოზიციის, მთავრობისა და ექსპერტული წრეების მონაწილეობით შედგეს განხილვა, თუ როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და საპასუხოდ მისი დასანქცირების შედეგები და რა არის ამ ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
გარდა ამისა, ხელმომწერები მოუწოდებენ ქართულ ოცნებას „უარი თქვას სიძულვილის ენაზე, დადგეს ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა და გააკეთოს ყველაფერი საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად“.
არასამთავრობოები ასევე მიიჩნევენ, რომ მთავრობამ საზოგადოებას „რეგულარულად“ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯები იდგმება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის ადვოკატირების კუთხით.
სხვებთან ერთად, განცხადებას ხელს ასევე აწერენ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართვე“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ღია საზოგადოების დონდი“ და „საქართველოს გაეროს ასოციაცია“.
არასამთავრობოების განცხადება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების სადავო განცხადებებსა და საერთაშორისო სანქციებათნ მიერთებაზე უარს მოჰყვა.
„უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ რომ არავინ არ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება“, – განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რასაც მისი გადადგომის შესახებ საზოგადოების ნაწილის მოთხოვნა მოჰყვა.
ამასთან, პრემიერმინისტრმა „ანტისახელმწიფოებრივი“ უწოდა საქართველოში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ აქციებს, რომლებიც მისივე თქმით, „იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც წლებია უკვე ატარებენ ანტიეროვნულ [და] მოღალატეობრივ პოლიტიკას“. „ეს არის მეხუთე კოლონა, ეს არის შულავერის კომიტეტი“, – დასძინა მანვე.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)