2008 წლის აგვისტოს ომი: სტრასბურგმა საქართველოს წინააღმდეგ 370 პირის საჩივარი დაუშვებლად ცნო 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს განაცხადა, რომ დაუშვებლად ცნო 370 პირის საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევას შეეხებოდა.

გადაწყვეტილების თანახმად, მომჩივნები აცხადებდნენ, რომ 2008 წლის 7-12 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის აქტიური ფაზის დროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ქმედებებმა „მათი და მათი ოჯახის წევრების სიცოცხლე რეალური და უშუალო საფრთხის ქვეშ დააყენა, აიძულა ისინი რამდენიმე დღე შფოთსა და შიშში გაეტარებინათ, შეზღუდა მათი ფიზიკური თავისუფლება და მათი საკუთრება დააზიანა“.

სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ ქმედებებზე, რომლებიც ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის დროს განხორციელდა.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „მიმდინარე მასობრივი შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე, საზოგადოებრივი წესრიგის ხასიათის პოზიტიური ღონისძიებები ვერც განხორციელდებოდა და არც რაიმე რეალური ღირებულება ექნებოდა, რადგანაც ისინი ვერ შეიტანდა მნიშვნელოვან წვლილს მომჩივანთა უფლებების დაცვაში“.

ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მტკიცებით, საქართველოსა და რუსეთს შორის მასობრივი ბრძოლები მიმდინარეობდა „ქაოსისა და დაბნეულობის კონტექსტში, რაც ფაქტობრივად ხელს უშლიდა საქართველოს საკუთარი უფლებამოსილება განეხორციელებინა ხსენებულ ტერიტორიებზე საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის განმავლობაში“.

სასამართლომ აღნიშნა, რომ იმის გამო, რომ 370 განაცხადი საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი ადრინდელი საჩივრების „იდენტური“ იყო, შესაბამისად წინა დასკვნებიდან გადახვევის საფუძველი არ არსებობდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოს კიდევ ერთ გამარჯვებად შეაფასა. მანვე დასძინა, რომ სტრასბურგმა გაიზიარა საქართველოს არგუმენტები, რომ წარდგენილი განაცხადები დაუსაბუთებელი იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)