1922: ბათუმელმა მოსწავლეებმა ანტისაბჭოთა გამოსვლები დაიწყეს
ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1922 წლის 31 მარტი, N19
დაპყრობილ საქართველოში
მოწაფეთა გამოსვლები ბათუმში.
საქართველოს საბჭოთა მთავრობის უტიფრობამ ენით წარმოუდგენელმა მისმა რეჟიმმა, ახალგაზრდა მოწაფეთა შორითაც უსაზღვრო სიძულვილი დაბადა და ეს სიძულვილი იმდენად ღრმა შეიქმნა, რომ ამა წლის 11 თებერვალს ბათუმის ყველა სკოლების მოწაფეები დემონსტრაციულად გამოვიდენ, სადაც სასტიკათ ჰკიცხავდენ არსებულ მთავრობის ჯალათურ მოქმედებას და მოითხოვდნენ რუსეთის ჯარის საჩქაროთ გაყვანას საქართველოდან.
ადგილობრივმა საბჭოთა მთავრობამ, ვინმე გაბარიანცის (აჭარისტანის რევკომის თავმჯდომარეა) მეთაურობით გამოიყვანეს რუსის ცხენოსნები, ცეცხლის მქრობელი რაზმი და დიდის გაჭირვებით შესძლეს ახალგაზრდა დემონსტრანტების დაშლა. ბევრი მათგანი დაიჭირეს და ჩაჰყარეს ჩეკის პოდვლებში…
გამბარიანცმა შეეცადა ტკბილი ენით მოწაფეთა ყურადღების მიქცევა, მაგრამ ყოველივე მისმა თვალთ-მაქცობამ უნაყოფოთ ჩაიარა და ყველა მის სიტყვებზე ჯიუტი მოწაფეები ზიზღით პასუხობდნენ.
– ჩვენ, კომუნისტებს, – სთქვა გამბარიანცმა, ყველაფერი გვაქვს მოწაფეებისათვის, როგორიცაა: რვეულები, კარანდაშები, წიგნები და სხვა… მთელი ჩვენი ყურადღება არის თქვენსკენ და გვიკვირს რად იქცევით ასე მკაცრათ ჩვენს წინააღმდეგ.
– თქვენი რვეულები თქვენ გქონდეს, არ გვინდა, მხოლოდ ჩვენ გვინდა სწავლა, თავისუფლება, სიმშვიდე, რომლებიც თქვენის წყალობით ჩვენ აღარა გვაქვს, – დაიგრიალეს მოწაფეებმა ერთხმათ. – გამოუშვით ჩვენი მასწავლებლები, რომლებიც დღეს პოდვლების სინოტიეში იხრჩვებიან, ჩვენ სხვა მასწავლებელთან არ გვინდა სწავლა, ჩვენ გვინდა ჩვენი მასწავლებლები… გამოუშვით ისინი!
– ვერც ერთი თქვენი მასწავლებელი ვერ ნახავენ, არამც თუ ბათუმს, არამედ საქართველოს ვერც ერთ ქუჩას… გეფიცები ჩემ კომუნისტურ რწმენას, რომ თუ გაჯიუტდებით თქვენც იმათთან მიგაბრძანებთ!…
– თქვენგან მეტს რას მოველით? ჩვენ დიდის აღფრთოვანებით დავიხოცებით ჩვენ მასწავლებლებთან ერთად, – უპასუხებდენ ერთხმად მოწაფეები…
მოთმინებიდან გამოსულმა გამბარიანცმა, როცა ნახა, რომ ფუჭი იყო ყოველგვარი მისი ცდა, ბავშვების შეთანხმებაში – დაუწყო მენშევიკურ მთავრობას და მის ამყოლთ ლანძღვა-გინება… ზედმეტია თქმა იმის, თუ რა უტიფრად-უსირცხვილოთ იგინებოდა ეს კაცუნა… გამბარციანის ასეთმა ქცევამ, მოწაფეები მოთმინებიდან გამოიყვანა და ისინიც გაბედულათ ურჩევდნენ ხსენებულ „გმირს“ პირი გამოერეცხა მენშევიკების ხსენებაზედ.
– თქვენი ბელადები – ეუბნებოდა გამბარიანცი მოწაფეებს – რომლებიც ციხე პოდვლებში ჰყრიან, უკვე ქედს ხრიან ჩვენს წინაშე და ხელის მოწერით ფიცს სდებენ, რომ ისინი არას დროს არ გამოვლენ ჩვენს წინააღმდეგ, არამედ აფურთხებენ თავიანთ წარსულ პოლიტიკას და აქებენ საბჭოთა სამართლიანობას…
მოწაფეები მოთმინებიდან გამოსულები სიტყვას აწყვეტინებდენ გამბარიანცს და ყვიროდენ: ტყვილია!.. ჩვენი ბელადები ამას არ ჩაიდენენ! ტყვილია!… გაათრიეთ კარში!.. გაიყვანეთ საქართველოდან რუსის ჯარი და მერმე ნახავთ ვინა ხართ თქვენ!.. გამბარიანცი დარწმუნდა მოწაფეთა სიმტკიცეში… მან ნახა, რომ არც მუქარა, არც ტკბილი სიტყვები მოწაფეებთან არ გადის.. ბოლოს მან მოთმინება დაჰკარგა და მოწაფეთა კრებას ასე მიჰმართა: „ვინაიდან თქვენ მოწამლული ხართ მენშევიკების შხამით და არავითარი ზომები ჩვენ მიერ მიღებული თქვენდამი არ სჭრის – მაშ გაუმარჯოს ჩვენ შორის მტრობას, ხოცვა-ჟლეტას და სისხლის ღვრასო! მას იმავე სიტყვით უპასუხეს მოწაფეებმა, დაჰკრეს ტაში და ერთხმათ დაიგრიალეს: „გაუმარჯოს ჩვენ-შორის ბრძოლას, მტრობას და სისხლის ღვრას თუ ეს ასე სურთ კომუნისტებსო!.. ამ სიტყვებით კრება დაიშალა.
მაყურებელი.