სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის სარჩელი დასაშვებად ცნო
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1 მარტის სხდომაზე პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შეტანილი ორი სარჩელი დასაშვებად ცნო და საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.
სააკაშვილმა სასამართლოს 2020 წლის 27 იანვარს მიმართა. ის ამტკიცებდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 28 ივნისს გამოტანილი განაჩენი ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე გადაუმოწმებელ მტკიცებულებას ეფუძნებოდა. სააკაშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი დაირღვა (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება).
2020 წლის 25 მაისს შეტანილ კიდევ ერთ სარჩელში, სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების გამო მის წინააღმდეგ 2018 წლის 5 იანვარს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ასევე ეფუძნებოდა გადაუმოწმებელ მტკიცებულებას და კიდევ ერთხელ დაირღვა კონვენციის მე-6 და მე-7 (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) მუხლები.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შეწყალების საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეს აკლდა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. მისივე თქმით, იგი ვერ განჭვრეტდა იმას, რომ შეწყალება, რომელიც მისი, როგორც სახელმწიფო მეთაურის უფლებაა, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევდა.
ორივე შემთხვევაში, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას განზრახული ჰქონდა, რომ სისხლის სამართლებრივი პროცედურა მისი პოლიტიკური დევნისთვის გამოეყენებიდა, რითიც დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) – მე-6 და მე-7 მუხლებთან ერთობლიობაში.
ქართული ოცნების ხელისუფლების პოზიციები
საქართველოს ხელისუფლება ამ საქმეების დასაშვებობას ოთხი მიზეზით ეწინააღმდეგებოდა. ქართული ოცნების მთავრობა ამტკიცებდა, რომ შეწყალების საქმეზე სარჩელთან დაკავშირებით სააკაშვილმა არ შეასრულა კონვენციის 35-ე მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა, რადგან სტრასბურგის სასამართლოს 2020 წლის მაისში, ეროვნული სასამართლოს მიერ 2019 წლის მაისში მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებიდან ერთი წლის თავზე მიმართა.
მისივე თქმით, სააკაშვილის არგუმენტები ქართველი მოსამართლის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი და არასაკმარისი იყო მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შესატანად.
რაც შეეხება სააკაშვილის წინააღმდეგ მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევას, მთავრობამ განაცხადა, რომ სააკაშვილი იმიტომ კი არ გაასამართლეს, რომ მან შეწყალების უფლება გამოიყენა, არამედ იმისთვის, რომ მან ეს უფლება ბოროტად გამოიყენა დაპირებების გაცემით, რამაც მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ხელი შეუშალა.
მთავრობა აცხადებს, რომ ორივე განაცხადში სააკაშვილის პრეტენზიები კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით ვერ იქნება განხილული მე-6 და მე-7 მუხლებთან ერთობლიობაში. მაშინ, როდესაც მე-18 მუხლი ხაზს უსვამს, რომ ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით ნებადართული შეზღუდვების გამოყენება მხოლოდ იმ მიზნითაა შესაძლებელი, რისთვისაც ისინია გათვალისწინებული, მთავრობა მიიჩნევს, რომ მე-6 და მე-7 მუხლებს „აბსოლუტური“ ხასიათი აქვთ და არ ექვემდებარება ნებადართულ შეზღუდვებს.
სასამართლომ გაიზიარა მთავრობის პროტესტი მე-18 მუხლთან დაკავშირებით, თუმცა არ გაიზიარა 35-ე მუხლთან დაკავშირებული წინააღმდეგობა.
გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლომ აცნობა უკრაინის მთავრობას, რომ ვინაიდან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მას აქვს უფლება, რომ ჩაერთოს განხილვაში, თუმცა მან ეს უფლება არ გამოიყენა. ქართველი მოსამართლე ლადო ჭანტურია საქმეს გამოეთიშა.
მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქვეყანა 2013 წელს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისა და მმართველობაში ქართული ოცნების გუნდის მოსვლიდან ერთი წლის თავზე დატოვა.
2018 წელს, სასამართლომ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებში დამნაშავედ ცნო. მას ჯამში 6 წელი აქვს მისჯილი.
ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეებზე. გამოძიება მას საზღვრის უკანონოდ კვეთასაც ედავება.
სააკაშვილი ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
საქართველოს დატოვების შემდეგ, სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და პრეზიდენტ პოროშენკოს დროს, ოდესის გუბერნატორი იყო. მოგვიანებით, იგი ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.
სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის 1 ოქტომბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ სამშობლოში დაბრუნდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)