საქართველომ უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას მხარი დაუჭირა
საქართველო, 89 სახელმწიფოსთან ერთად, გაეროს გენერალური ასამბლეის იმ რეზოლუციის თანაავტორია, რომელიც რუსეთს უკრაინაში მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის შექმნაში ადანაშაულებს.
დოკუმენტი ასამბლეამ 24 მარტს მიიღო და მას 140 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ხუთმა კი რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა. დოკუმენტი მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისა და უკრაინაში ჰუმანიტარული მისიების წვდომის უზრუნველყოფას ითხოვს.
რუსეთთან ერთად, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, ერიტრეამ და სირიამ. 38 ქვეყანამ, მათ შორის, სომხეთმა, ყაზახეთმა, ჩინეთმა და ინდოეთმა თავი შეიკავა. ხოლო აზერბაიჯანი სხდომას არ დასწრებია.
გაეროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ კენჭისყრის შედეგები „საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნის მკაფიო სიგნალი იყო, რომ მოსკოვმა დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ, რათა მოხდეს ჰუმანიტარული ზემოქმედების შედეგების მოგვარება“.
ასამბლეამ კენჭისყრაზე არ დააყენა რეზოლუციის ალტერნატიული პროექტი, რომელიც სამხრეთ აფრიკამ მოამზადა და სადაც რუსეთი საერთოდ ნახსენები არ იყო და სანაცვლოდ, მხოლოდ კონფლიქტით გამოწვეულ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე იყო საუბარი.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)