„ენკამ“ საქართველოსთან „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე კონტრაქტი საბოლოოდ გაწყვიტა
შპს ENKA Renewables-მა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ საქართველოს მთავრობასთან დადებული კონტრაქტი საბოლოოდ გაწყვიტა. ამის შესახებ „ენკას“ დამფუძნებელი კომპანიის ფინანსურ ანგარიშშია ნათქვამი.
ქართულ მედიაში 24 მარტს გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, „ენკამ“ 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ჩამოწერა ჰესის ასაშენებლად საჭირო 40.4 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ძირითადი საშუალებები.
უცნობია, იყიდა თუ არა საქართველოს მთავრობამ ჩამოწერილი აქტივები. „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთი დებულების თანახმად, ინვესტორს ჰქონდა უფლება მათი შესყიდვა მთარობისთვის მოეთხოვა.
მას შემდეგ, რაც ENKA Renewables-ის დამფუძნებელმა კომპანია ENKA Insaat-მა 2021 წლის 20 სექტემბერს განაცხადა, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე დადებულ კონტრაქტს წყვეტს, საქართველოს მთავრობას ინვესტორთან მოლაპარაკებები ჰქონდა.
მოლაპარაკების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა
ინვესტორთან მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია გასაიდომლოებული იყო და ის არ გასაჯაროებულა.
საქართველოს ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ 18 იანვარს განაცხადა, რომ ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რათა დავა არბიტრაჟამდე არ მისულიყო.
თურნავამ, რომელმაც თანამდებობა თებერვლის დასაწყისში დატოვა, თქვა, რომ მთავრობის მიზანი იყო, რომ კომპანიის გასვლით ზიანი არც ნამახვაჰესის პროექტს მიეღო და არც ქვეყანას.
თუმცა, საგულისხმოა, რომ საარბიტრაჟო დავის შემთხევაშიც, ხელშეკრულება ორივე მხარეს ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას ავალდებულებს.
ნათია თურნავას შემცვლელმა, ლევან დავითაშვილმა 21 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის დადასტურებისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ ინვესტორს „გარკვეული წინადადებები“ აქვს.
„უნდა დაველოდოთ სწორად წარმართულ სამართლებრივ პროცესს, რომლის შესახებაც ადეკვატური და სრული ინფორმაცია ექნება საზოგადოებას და განსაკუთრებით დაინტერესებულ პირებს“, – ხაზი გაუსვა მან.
- კომპანია „ენკა“ საქართველოსთან „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე კონტრაქტს წყვეტს
- ფოტოამბავი: „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეთა მსვლელობა თბილისში
- იუსტიციის სამინისტროდან გაჟონილი კრიტიკული დასკვნა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაზე
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი მოიცავს ორ ჰესს მდინარე რიონზე 333 მეგავატის სიმძლავრის ქვემო ნამახვანის ჰესსა და 100 მეგავატის სიმძლავრის ზემო ნამახვანის ჰესს.
ადგილობრივების პროტესტი, რომელიც გარემოსა და ადგილობრივთა ცხოვრებაზე პროექტის მძიმე და საზიანო გავლენას ეხებოდა, თანდათან მასობრივ აქციებში გადაიზარდა, მათ შორის დედაქალაქში.
ინვესტორთან დადებული ხელშეკრულება მას შემდეგ მოექცა აქციის მონაწილეთა ყურადღების ცენტრში, რაც ის საჯარო გახდა. აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ის „კაბალური“ და „ანტისახელმწიფოებრივი“ დებულებების გამო გააკრიტიკეს.
თავის მხრივ, საქართველოს მთავრობაში ხაზს უსვამდნენ პროექტის განხორციელებით საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების, ასევე 1 600-მდე ქართველის დასაქმებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით 800 მლნ აშშ დოლარის მიღების მნიშვნელობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)