აფხაზეთის „თავდაცვის მინისტრი“ რუსეთს სამხედრო დახმარებას ჰპირდება
ოკუპირებული აფხაზეთის „თავდაცვის მინისტრი“, ვლადიმირ ანუა მოსკოვს უკრაინაში პრეზიდენტ პუტინის მიზნების მისაღწევად სამხედრო დახმარებას დაჰპირდა.
სააგენტო „აფსნიპრესმა“ 25 მარტს ანუას სიტყვებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სოხუმი „სრულად ემხრობა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს უკრაინაში და, მთლიანად, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესებს“, – განაცხადა მან.
ვლადიმირ ანუას თქმით, „ნატო-საქართველოს სწავლება 2022-მა მკაფიოდ აჩვენა, რომ ოფიციალურ თბილისს არ უთქვამს უარი საომარ რიტორიკასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების კურსზე“.
ხაზი გაუსვა რა გართულებულ სამხედრო და პოლიტიკურ სიტუაციას რეგიონში, ანუამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აფხაზური შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.
„სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, შეიარაღებული ძალები მზად არიან საკუთარი ვალი შეასრულონ აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვის კუთხით“, – დასძინა მან.
მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია 24 თებერვალს მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
Washington Post-ი 26 მარტს აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთს უკრაინაში მყოფი თავისი შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად „საქართველოდან საკუთარი ძალები გაჰყავს“ – იგულისხმება მისი სამხედრო ბაზები ოკუპირებულ რეგიონებში.
ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მოსკოვმა შეიარაღებული ძალების ნაწილი, მათ შორის, ეთნიკურად ოსი ჯარისკაცები, რეგიონიდან უკრაინაში გადაიყვანა. რეგიონის შეიარაღებული ძალები რუსულ არმიაშია ინტეგრირებული და რუსულ სარდლობას ექვემდებარება.
რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებას, მას ჯერ არ დაუდასტურებია ეთნიკურად აფხაზი ჯარისკაცების მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)