ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება „მშვიდობიანი დეოკუპაციის“ პოლიტიკის ერთგულია
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკის ერთგული რჩება და „წინ აღუდგება ყველა პროვოკაციას, რომელიც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ახალი სამხედრო დაპირისპირების ესკალაციას ისახავს მიზნად“.
„ნებისმიერი ომი აფხაზეთსა და ცხინვალში იქნება არა მხოლოდ ომი ქართველებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, არამედ, ასევე, ომი ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის“, – განაცხადა მან.
კობახიძემ ასევე დასძინა, რომ „ახალი ძმათამკვლელი ომი იქნება უდიდესი, უპატიებელი დანაშაული ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინაშე, რასაც ჩვენ აღარ დავუშვებთ“.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაზე მითითებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ „თუ არსებული მძიმე ვითარება ქმნის რაიმე შესაძლებლობის ფანჯარას ამ თვალსაზრისით, ეს არის შესაძლებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს გავუწოდოთ დახმარების ხელი გამწვავებულ სოციალურ პრობლემებთან გასამკლავებლად“.
მან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციების მოწყობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და თქვა, რომ მათი „უმთავრესი მიზანი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩათრევა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა“.
გაიხსენა რა ნაციონალური მოძრაობის წევრების კიევში ცოტა ხნის წინანდელი სტუმრობა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მათი ვიზიტის შემდეგ, „უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ღიად დაიწყეს საუბარი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანის მიზანშეწონილობაზე“.
„უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადება ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო“, – დასძინა მან.
დანილოვის სიტყვებზე დაყრდნობით, 26 მარტს უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ უკრაინისთვის სასარგებლო იქნებოდა, თუკი „რუსეთის ფედერაციისთვის დამატებითი საომარი ფრონტები გაჩნდებოდა, რასაც უახლოეს წარსულში [მისი] ქმედებები გახდიდა შესაძლებელს“.
მისივე მტკიცებით, თუკი მოლდოვა, საქართველო და სხვები „ჩაერთვებოდნენ თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებაში… ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან [რუსეთს] სხვა საქმე[ც] გამოუჩნდებოდა, გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა და ჩვენი ბავშვებისა და ქალების მოკვლისა“.
ასევე წაიკითხეთ:
- კიევი თბილისს კვლავ აკრიტიკებს
- ოფიციალური თბილისი კიევის მიერ უკრაინის ელჩის გაწვევას პასუხობს
- უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიხმო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)