უკრაინა: ცოდნის საზღვრები


ომი კატასტროფაა – ანუ მოვლენა, რომლის შემდეგაც ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც მანამდე და იმის განჭვრეტაც შეუძლებელია, თუ კერძოდ როგორი იქნება მომავალი “ომის შემდეგ”. ინფორმაციის სიჭარბის ეპოქაში, როცა ნებისმიერი ახალი მოვლენა წამსვე წარმოშობს ათასობით “ექსპერტს”, როგორ გრძნობენ თავს ის ადამიანები, რომლებიც უკრაინასა და რუსეთს, მათ ურთიერთობებს ათწლეულების განმავლობაში იკვლევდნენ? ერთ-ერთი მათგანის საინტერესო სტატია თქვენთვის ვთარგმნეთ.


ანნა კოლინ-ლებედევი, პარი ნანტერის უნივერსიტეტის ლექტორია, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მკვლევარი.


რუსულ და უკრაინულ საზოგადოებაზე ბევრი რამ დამიწერია და კვლავაც დავწერ, ოღონდაც დღეს გულს ის მიკლავს, რომ უკრაინული საზოგადოების აღსაქმელად ჩვენი ცოდნა აღარ გამოდგება. ერთი პრობლემა ისაა, რომ [მკვლევარები] მოწყვეტილი ვართ ჩვენი საკვლევი ველისაგან, მეორე კი ის, რომ ანალიზის ჩვეული სამარჯვები ომის პირობებში ვეღარ მუშაობს.

ცოტა უცნაურად ჟღერს ამაზე საუბარი მაშინ, როცა ჩვენს ცოდნაზე მოთხოვნა გაზრდილია, როცა ომის ზონაში მოქცეული ქვეყნების თემაზე მომუშავე მკვლევარების მოსაზრებებს საზოგადოებაც და მედიაც აქტიურად ითხოვს. ოღონდაც, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი გულწრფელად ვთქვათ, თუ სად გადის ჩვენი ცოდნის და შესაძლებლობების საზღვარი. უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელი ვითარება ჩვენთვის კითხვებს უფრო ბადებს, რომელზეც ჩვენი ცოდნიდან გამომდინარეც კი შესაძლოა პასუხები არ გაგვაჩნდეს..

მანამ, სანამ მედია ჩვენგან ზოგად განათლებას მოელოდა, სამუშაო ადვილი იყო: გასაქარვებელი იყო მთელი რიგი კლიშე, გასაღრმავებელი იყო ცოდნა უკრაინის ისტორიის ელემენტარული ფაქტების, იქ საზოგადოების მობილიზაციის ხელშემწყობი ფაქტორების, პოლიტიკური სტრუქტურის, ენის შესახებ. ოღონდაც ამაზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომმა უკვე რადიკალურად შეცვალა საზოგადოება.

ომი ზოგადად არღვევს სოციალურ ქსოვილს. ეს ომი შეცვლის უკრაინის საზოგადოების დემოგრაფიულ მახასიათებლებს, დასახლების სიმჭიდროვეს, ასაკობრივ და სქესობრივ პირამიდებს. უკრაინელი ბავშვების ნახევარმა უკვე დატოვა საკუთარი სახლი; ყველა ლტოლვილი უკან აღარ ან ვეღარ დაბრუნდება.

ქვეყნის რეგიონებს შორის გაჩნდება ახალი გამყოფი ხაზი – ისინი, ვინც რუსეთის პირდაპირი შეტევის ან ოკუპაციის მსხვერპლი გახდა და ისინი, ვინც ამას გადაურჩა. დღეისთვის ეს ხაზი ჯერ კიდევ ძველ, უკვე არსებულ გამყოფ ხაზს ემთხვევა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. თუმცაღა დიდი ქალაქები, რომლებიც ადრე კეთილდღეობის ცენტრებად ითვლებოდა, ახლა პირიქით, მოწყვლადობისა და საფრთხის ცენტრებად იქცნენ.

სოციალური სტრუქტურა, სოციალური უთანასწორობის რაობა, ხელისუფლებასთან დამოკიდებულება – ყველაფერი იცვლება. სამხედრო აგრესიის წინაშე ყოველთვის იკვეთება განსხვავება მათ შორის, ვისაც გადარჩენისთვის თვითორგანიზაციის უნარი შესწევს და დანარჩენებს შორის. ისინი, ვინც ომამდეც სოციალურად და ეკონომიკურად იზოლირებულნი არიან, ომის დროს კიდევ უფრო მოწყვლადნი ხდებიან.

ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ სოციალური სტრუქტურა უკრაინაში ვითარებასთან ადაპტირდება, იცვლება რესურსების მნიშვნელობის აღქმა, იქმნება სტატუსის ახალი სიმბოლოები, სახეს იცვლის და იხვეწება საზოგადოების სოლიდარობის ფორმები. ეს ყველაფერი მიმდინარე, ცვალებადი პროცესია – თუ როგორ ჩამოყალიბდება ეს ტენდენციები, დიდწილად ომის დასრულების დროსა და ფორმაზეა დამოკიდებული.

ომი ასევე გამოლექავს და შეცვლის პოლიტიკურ აღქმებს. ჩემი აზრით, ჯერ საბოლოოდ ვერ ვიტყვით რომ უკრაინის პოლიტიკური სხეული გამთლიანებულია [ავტორის წინა კვლევების აზრით, მოქალაქეების და ელიტების აღქმაში უკრაინა ჯერ არ იყო “მთლიანი” და არც ინსტიტუტები მოქმედებდნენ შესაბამისად], მაგრამ ომის მიმდინარეობამ აშკარად წარმოშვა ცენტრისკენეული ტენდენციები.

მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ნათლად აღიქვამს, თუ ვინაა აგრესორი. პოლიტიკური განსხვავებები ომის პირობებში გვერდზეა გადადებული. ეს განსაკუთრებით ნიშანდობლივია უკრაინული საზოგადოებისთვის მანამდე ჩვეული პოლიტიკური მრავალხმიანობისა და ზოგადად, პოლიტიკოსებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების ფონზე.

რუსული აგრესიის ამ ეტაპის დაწყებიდან დღემდე, ადგილობრივი ელიტები კიევისადმი ერთგულებას ადასტურებენ. ეს აშკარა ცვლილებაა 2014 წელთან შედარებით: მაშინ სწორედ ადგილობრივი და რეგიონული ელიტების მიერ კიევის საწინააღმდეგოდ გაკეთებულმა არჩევანმა ითამაშა გადამწყვეტი როლი კონფლიქტის განვითარებაში და მის შედეგში. ეს ვითარება და მისი მიზეზები ღრმა ანალიზს მოითხოვს,მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ნაწყვეტ-ნაწყვეტ გვაქვს ინფორმაცია.

ომი ასევე ამკვიდრებს რადიკალურ პოზიციებს და ისტორიული ნიუანსის აღქმას ართულებს. ორენოვანი ქვეყანა, რომლის შესახებაც მე ვსაუბრობდი ხოლმე, ადრე, მშვიდობიანობის დროს არსებობდა. ომიანობა ალბათ რუსული ენის უარყოფას და ენობრივი კუთვნილების ნიშნის მზარდ პოლიტიზაციას მოიტანს.

ადრე, საბჭოთა პერიოდის მეხსიერება უკრაინაში განზოგადოებული იყო, ყველას ეხებოდა და მასში სხვადასხვა ნარატივის თანაცხოვრებაც შეიმჩნეოდა. 2014 წლის შემდეგ ეს აღქმა უკვე შეცვლის გზაზე დადგა. იმის შემდეგ ალბათ დომინანტური გახდება წარსულის ის ხედვა, რომელიც ადრე ყველაზე უფრო რადიკალურად აღიქმებოდა და რომელიც რუსეთს პერმანენტულ აგრესორად სახავს.

ზარბაზნებმა წაშალეს პირადი, ინდივიდუალური წარსულის მრავალფეროვნება. “რუსეთთან საერთო ისტორია” აღარ იარსებებს, დარჩება “რუსეთის მიერ ოკუპაციის ისტორია.” ალბათ თაობები დასჭირდება, სანამ ისტორიული ნიუანსების არსებობის დამზერა კვლავ გახდება შესაძლებელი.

დაბოლოს, არ ვიცით კერძოდ როგორი იქნება ომის ტრავმის ზეგავლენა, ეს გავლენა გარდაუვლად ღრმა და მნიშვნელოვანი იქნება, როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. როგორიც არ უნდა იყოს ომისშემდგომი ვითარება, უკრაინელებმა ქვეყანა ხელახლა უნდა ააშენონ, კონტრასტი ომამდე და ომის შემდეგ არსებულ ვითარებებს შორის უზარმაზარი იქნება.

ომამდე ჩვენ, მკვლევარები, დავუახლოვდით უკრაინელებს, მათთან ერთად ვმუშაობდით წლების განმავლობაში, თავისიანად მიგვიღეს. ომის შემდეგ ჩვენ არა მხოლოდ უცხოელები, არამედ უცხოებიც გავხდებით, რადგანაც განუზომელი იქნება უფსკრული მათ შორის, ვინც ომი გადაიტანა და მათ შორის, ვინც გარედან უცქერდა მას.

ყველაფერი, რასაც ვსაუბრობ, უნდა დადასტურდეს საველე კვლევებით, დაკვირვებით, აზრთა გაზიარებით. ამის შეუძლებლობა დღეს ტკივილს მაყენებს, რომელიც დანაშაულის გრძნობასთანაა შერეული იმის გამო, რომ სიმშვიდეში ვწერ ამ სიტყვებს მაშინ, როცა ჩემი მეგობრების თავზე ბომბები ცვივა.

ჟურნალისტებს და საზოგადოებას კი მინდა ვუთხრა – არა, უკრაინის შესახებ ჩვენ ავტომატური ცოდნა არ გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, შეიძლება გვქონდეს რამდენიმე გასაღები, რომლებიც საშუალებას გვაძლებს უკეთ აღვიქვათ სუსტი სიგნალები, ერთმანეთს შევადაროთ სხვადასხვა პერიოდები, ეგებ პირადად ვიცნობდეთ რამდენიმე ღირებულ თანამოსაუბრეს, ანდა ფართო საზოგადოებისთვის უცნობ კარგ წყაროებთან გვქონდეს წვდომა, მაგრამ სულ ესაა.

ბევრი კითხვა მიჩნდება მკვლევარის როლის შესახებ ომიანობისას: ბევრად უფრო ნაკლებადაა ცხადი რა უნდა ვაკეთოთ, მაშინ როცა ჟურნალისტისა ანდა ომის პრობლემაზე მოფიქრალი ინტელექტუალის როლები მეტნაკლებად ცხადია. რა უნდა ვქნათ იმ ხალხმა, ვინც უკრაინას ომამდე ვსწავლობდით? ჯერჯერობით ეს კითხვა ჩემთვის ღიად რჩება.