გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრი თბილისს სტუმრობს
გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრი, ჯეიმს ჰიპი დღეს თბილისში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა.
პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ პარტნიორობაზე თავდაცვის სფეროში, რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში და მის თანმდევ უსაფრთხოების გამოწვევებზე აღმოსავლეთ ევროპაში.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრაზე, მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომზე იმსჯელეს და კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი ქვეყნების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ჰიბრიდული გამოწვევებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტებიც მიმოიხილეს, მათ შორის, უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატი, რომელიც „შესანიშნავი პლატფორმაა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის“.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებაზე, რაც ხელს შეუწყობს ალიანსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას.
შეხვედრის შემდეგ, მინისტრმა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოდან მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტი ხაზს უსვამს „რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა და საქართველოს გვერდში ყოფნა დასავლეთისთვის და ნატოსთვის“.
„დღეს ვიმყოფები აქ, საქართველოში, რადგან ძალიან ახლოს, უკრაინაში, თავისუფალი ქვეყნის სუვერენიტეტი უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. ყველა, ვისაც გვჯერა დემოკრატიისა და თავისუფლების, ვალდებულნი ვართ ერთად დავდგეთ და შევეწინააღმდეგოთ რუსეთის შემაძრწუნებელ ქმედებებს“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრმა.
მისივე თქმით, საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ „მთლიანად ეს რეგიონი იყოს ადგილი, სადაც პატივს სცემენ თავისუფლებასა და სუვერენიტეტს, სადაც რუსეთის ქმედებებს აქტიურად გმობენ“.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს ლიდერების მიმართვა „ნატო-საქართველოს სწავლება 2022-ის“ ღონისძიებაზე
- ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს დაზვერვის მაღალჩინოსანს შეხვდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)