Amnesty International-ი საქართველოში უფლებრივი დარღვევების შესახებ
უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის ახალ ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ოპოზიციის წევრებზე, ხელისუფლებისადმი კრიტიკულ მედიაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე „ხორციელდებოდა მიყურადება, დაშინება და თავდასხმები არსებული, დაუსჯელობის ფონზე“.
„ადგილი ჰქონდა მუქარისა და თავდასხმის შემთხვევებს ოპოზიციის წევრების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტებს წინააღმდეგ, რაც, ხშირად, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებით ან უმოქმედობით იყო წახალისებული“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ „ვერ უზრუნველყო 5 ივლისს Tbilisi Pride-ის წინააღმდეგ მასობრივი ძალადობის ორგანიზატორების სამართლებრივი პასუხისმგებლობა და მოვლენების ეფექტიანი გამოძიება“.
- პრემიერი 5 ივლისის მოვლენებზე: „ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა“
- „ღირსების მარშის“ კონტრაქციის მონაწილეების მასობრივი თავდასხმა ჟურნალისტებზე
- 5 ივლისს ულტრამემარჯვენეთა მიერ ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორი გარდაიცვალა
ანგარიშში ასევე საუბარია სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობასთან, შერჩევით მართლმსაჯულებასთან და ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებულ წუხილებზე.
ორგანიზაცია ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რვაწლიანი დევნილობის შემდეგ 1 ოქტომბერს დააკავეს, „იძულებით გადაიყვანეს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევის პირობები არ არსებობდა. აღნიშნულ დაწესებულებაში, სააკაშვილი სხვა პატიმრებისგან მუქარისა და შეურაცხყოფის, ციხის თანამშრომლების მხრიდან კი – დამამცირებელი მოპყრობის სამიზნე გახდა“.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ წლის განმავლობაში სამართალდამცველებმა რამდენჯერმე დააკავეს და შეუზღუდეს წვდომა სამშენებლო ტერიტორიაზე ნამახვანჰესის პროექტის მოწინააღმდეგებს, რომლებიც ჰესის მშენებლობას გარემოსადმი მოსალოდნელი ზიანის მიზეზით აპროტესტებდნენ.
ორგანიზაცია შრომის უფლებების დარღვევებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ბევრმა კომპანიამ დასაქმებულები სათანადო პროცედურების დარღვევით გაათავისუფლა, შეუმცირა ან არ გადაუხადა გასამრჯელო, მათ შორის, კრიტიკული პროფესიების მქონეებს. ამას გარდა, ორგანიზაციის თქმით, აგვისტოში, თბილისის დასუფთავების სამსახურის მეეზოვეებმა განაცხადეს დაშინებისა და ხელფასის შემცირების მუქარის შესახებ მას შემდეგ, რაც უკეთესი სამუშაო პირობების მოთხოვნით სამდღიანი გაფიცვა მოაწყვეს.
- „საერთაშორისო ამნისტია“ და Human Rights Watch სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას გმობენ
- Amnesty International-ი ცხინვალს გამშვები პუნქტების გახსნისა და ქართველი ექიმის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
- Amnesty International: რუსეთის მიერ აღმართულ გამყოფ ხაზებს ადამიანების ცხოვრებაზე „გამანადგურებელი გავლენა“ აქვს
ანგარიში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევებზეც ამახვილებს ყურადღებას.
დოკუმენტის თანახმად, ცხინვალის რეგიონის მცხოვრები ინალ ჯაბიევის გარდაცვალების საქმე ეფექტიანად არ გამოუძიებიათ. ჯაბიევი 2020 წლის აგვისტოში, პატიმრობისას მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც დაკავებისას სასტიკად სცემეს.
ანგარიშში ასევე საუბარია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ანრი ატეიბას გარდაცვალების შესახებ, რომელიც 14 სექტემბერს მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც 12 აგვისტოს, გაგრის დროებითი დაკავების ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქრონიკული დაავადებებისა და სათანადო მკურნალობის ნაკლებობის გამო, გალში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი ირაკლი ბებუას ჯანმრთელობა სავარაუდოდ გაუარესდა. ბებუა 9-წლიან სასჯელს იხდის აფხაზური „დროშისფერებიანი“ ნივთის დაწვისთვის.
კიდეც ერთ მნიშვნელოვან დარღვევად ორგანიზაცია სოხუმისა და ცხინვალის მიერ გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასახელებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)