პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ქართველ კოლეგას შეხვდა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ, რომელიც 29-30 მარტს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში თბილისს სტუმრობს, ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდა.
„აღნიშნული ვიზიტი ნათლად ადასტურებს, რომ ეუთოს თავმჯდომარეობა მხარს უჭერს საქართველოს, განსაკუთრებით ამ მძიმე დროს, მთლიანად მსოფლიოსთვის და ჩვენი რეგიონისთვის“, – განაცხადა ზალკალიანმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინზე.
მისი თქმით, შეხვედრაზე მათ ისაუბრეს „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის წინასწარ დაგეგმილ აგრესიაზე და აღვნიშნეთ, რომ საქართველო კატეგორიულად გმობს ამ აგრესიას, რითაც უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი“.
ზალკალიანმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები „დარტყმის ქვეშ აყენებს საერთაშორისო წესრიგს და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას“.
მისივე თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები აქვთ. „საქართველო იყო პირველი, რომლის წინააღმდეგაც 2008 წელს განხორციელდა აგრესია, რის შედეგადაც მოხდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია და ასობით ათასი ადამიანის იძულებით გადაადგილება“.
დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ხელი შეუწყოს პოლონეთს, როგორც ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს „არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში“.
„ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ პოლონეთის და ევროკავშირის დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლონეთის მხარდაჭერა და ასევე ეუთოს აქტიური ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში“, – დასძინა მან.
ზალკალიანის თქმით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის მნიშვნელობაზე, რომელიც „არის აუცილებელი წინაპირობა განვითარების და გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის“.
„რეგიონში არსებული სიტუაციის ესკალაციამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მთლიანად რეგიონზე და უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ თბილისი მზადაა „გახდეს და იყოს პლატფორმა დიალოგისთვის სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის“.
თავის მხრივ, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული აგრესია და ეუთოს სივრცეში რამდენიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული დესტრუქციული ქმედებები – რომელთა შორისაც საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია – ევროპაში საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის აშკარა მცდელობაა“.
მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ქმედებები მიმართულია „არა მხოლოდ კონკრეტული ქვეყნების, როგორებიცაა – საქართველო, უკრაინა ან მოლდოვა – სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, არამედ ასევე ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ“.
„ტანკებისა და მავთულხლართების ენა ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგის მთავარ წესებს“, – განაცხადა რაუმ.
მისივე თქმით, ეუთო მიესალმება „საქართველოს მიერ უკრაინაში სპეციალური სადამკვირვებლო მისიის უპირობო მხარდაჭერას“ და ასევე თბილისის შემოთავაზებას ორგანიზაციის პერსონალისთვის დახმარების აღმოჩენის თაობაზე.
იმავდროულად, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ ეუთოში პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს, ვარშავა „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნდეს“.
„სხვა თანათავმჯდომარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენი მიზანია, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებს შორის კომუნიკაციის არხები ღია დარჩეს, რათა თავიდან იქნას აცილებული გამიზნული თუ გაუმიზნავი ესკალაცია“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ამ მიზანს ასევე მოემსახურება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებიც.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში 29 მარტს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, იგი ასევე შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის.
იგი საქართველოს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობს.
ასევე წაიკითხეთ:
- ანჯეი დუდა: ნატომ საქართველოს და უკრაინის ლიდერებს მადრიდში უნდა უმასპინძლოს
- პოლონეთის პრეზიდენტი თბილისს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)