ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 30 მარტს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით – 11%-მდე გაზარდა.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიზეზად ხანგრძლივად მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ამ მიმართულებით „გამძაფრებული“ რისკები დაასახელა.

„რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და საომარმა მოქმედებებმა, ჯერ კიდევ პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი მსოფლიო ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა“, – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

სებ-ის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეზღუდვებმა მსოფლიო ბაზარზე გარკვეულ პროდუქციაზე ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა, მათ შორის არის საწვავები ფასების „მკვეთრი“ მატება, რასაც, სავარაუდოდ, ინფლაციის მაჩვენებელზე საგრძნობი გავლენა ექნება.

„გარდა ამისა, საგარეო შემოდინებების შემცირების რისკების ზრდის ფონზე, სავალუტო ბაზრებზე მერყეობა მომატებულია, რაც ინფლაციური მოლოდინების კუთხით დამატებით რისკებს შეიცავს“, – აღნიშნა ეროვნულმა ბანკმა.

აღნიშნა რა, რომ თებერვალში წლიური ინფლაცია 13.7% იყო, სებ-მა ხაზი გაუსვა, რომ მარტიდან, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციის შემცირებაა მოსალოდნელი, რაც „ძირითადად კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საბაზო ეფექტის მილევას უკავშირდება“.

თუმცა, სებ-ის პროგნოზით, წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე (3%) მაღალი იქნება.

ამდენად, ეროვნული ბანკის განმარტებით, „მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებისკენ მიდრეკილი დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება“.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 11 მაისს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)