ანატოლი ბიბილოვი რუსეთთან შეერთებაზე „სამართლებრივი ნაბიჯების“ გადადგმას გეგმავს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ მისი რეჟიმი „უახლოეს მომავალში სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს“ გადადგამს რუსეთთან მიერთების მიზნით.
ბიბილოვმა, რომელიც ორ კვირაში, „საპრეზიდენტო არჩევნებში“ კენჭს ხელახლა იყრის, გუშინდელ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონი „მისი ისტორიული სამშობლოს – რუსეთის ნაწილი გახდება“.
„ოსი ხალხის მთავარი ისტორიული და სტრატეგიული მიზანი ერთი სახელმწიფოს ფარგლებში გაერთიანებაა და ეს სახელმწიფო რუსეთის ფედერაციაა“, – აღნიშნა მან.
შეაქო რა „რუსული სამყარო“ უკრაინაში შეჭრისთვის, ცხინვალის ლიდერმა განაცხადა, რომ „რუსული სამყაროს აღორძინების უახლოეს ისტორიაში პირველად იმის აღქმა, რომ არსებობს ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება. სწორედ აქ, სამხრეთ ოსეთში“ 2008 წელს მოხდა, როდესაც კრემლმა მისი დამოუკიდებლობა აღიარა.
მაგრამ მისი თქმით, აღიარება საკმარისი ნაბიჯი არ არის, ვინაიდან ის რუსეთთან გაერთიანებას არ მოიცავს.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ოცნება აგვესრულებინა 2014 წელს, როდესაც ყირიმი საკუთარ ნავსაყუდელს დაუბრუნდა. მაშინ, ჩვენ საკუთარი შანსი დავკარგეთ, თუმცა ამას ვეღარ დავუშვებთ“, – აღნიშნა ბიბილოვმა.
- ცხინვალის ლიდერმა რუსეთთან „გაერთიანება“ სტრატეგიულ მიზნად გამოაცხადა
- ბიბილოვი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ემხრობა
- ოკუპირებული ცხინვალის ლიდერი რუსეთთან „საზღვრის“ გაუქმებაზე საუბრობს
- ანატოლი ბიბილოვი ოსების გაერთიანებაზე საუბრობს
ცხინვალის ლიდერმა უკვე არაერთხელ გამოთქვა რუსეთთან მიერთების მზადყოფნა. თუმცა, ამჯერად, მის განცხადებას წინ უძღვოდა ლუგანსკის რეგიონის ლიდერის, ლეონიდ პასეჩნიკის მიერ გამოთქმული იდეა რუსეთთან მიერთებაზე რეფერენდუმის გამართვის თაობაზე.
რუსული მხარის გამოხმაურება
იმავდროულად, რუსეთის მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ პრესსამსახური პარტიის საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ანდრეი კლიმოვის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონმა რუსეთთან გაერთიანების თაობაზე რეფერენდუმი უნდა გამართოს.
„საჭიროა, რომ გამოვლინდეს ოსი ხალხის ნება. ამის გაკეთება რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი“, – განაცხადა კლიმოვმა, რომელიც ასევე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეცაა.
„ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცით ჩვენი მეზობლების, სამხრეთ ოსეთის სურვილის შესახებ, რომ საკუთარი არჩევანი გააკეთონ და შემოგვიერთდნენ“, – განაგრძო მან. „ამიტომ, როდესაც ყველა იურიდიული ფორმალობა მოგვარდება, სამართლებრივი ხასიათის არანაირი დაბრკოლება არ იქნება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ამ დიდი ხნის ოცნების ასასრულებლად და რუსეთთან გასაერთიანებლად“.
„ველით, როდის განხორციელდება ეს პროცედურები. ჩვენი მხრიდან ყველა საჭირო სამართლებრივი საკითხი ჯერ კიდევ 20 წლის წინ შემუშავდა“, – დასძინა მან.
კლიმოვის თქმით, 2001 წელს მიღებულმა საკონსტიტუციო კანონმა, რომელიც რუსეთის ფედერაციაში უცხოური სახელმწიფოების მიღების პროცედურებს განსაზღრავს, 2014 წელს ყირიმთან მიმართებით იმუშავა და იგივე მექანიზმის გამოყენება ცხინვალის რეგიონთან მიმართებითაც შეიძლება.
„ყველა მექანიზმი ქმედითია და ამისთვის მთავარია სამხრეთ ოსეთის ხალხის ვერდიქტის მიღება“, – დასძინა კლიმოვმა.
მოსკოვმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. დღემდე რუსეთის გარდა, ორივე რეგიონის დამოუკიდებლობა მხოლოდ ვენესუელამ, ნაურუმ, ნიკარაგუამ და სირიამ აღიარეს.
თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ტერიტორიებად მიიჩნევენ.
1991-92 წლების შეიარაღებული კონფლიქტისა და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგად, დაახლოებით, 30 000 ეთნიკურად ქართველი ცხინვალის რეგიონიდან დევნილობაში რჩება.
ასევე წაიკითხეთ:
- უკრაინაში ცხინვალიდან სამხედროების დამატებითი კონტინგენტი გაგზავნეს
- 2008 წ. ომის საქმე: ჰააგის პროკურორი 3 ოსი მაღალჩინოსნის დაკავებას ითხოვს
- ოკუპირებული ცხინვალი ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)