აფხაზები რუსეთთან მიერთების წინააღმდეგნი არიან
ოკუპირებული აფხაზეთის „უშიშროების საბჭოს მდივანმა“, სერგეი შამბამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მართალია, სოხუმი მხარს უჭერს რუსეთთან სამხრეთ ოსეთის მიერთებას, აფხაზები დამოუკიდებლობის მომხრენი რჩებიან.
შამბამ განცხადება, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის გუშინდელ განცხადებას მოჰყვა, რომ ცხინვალი მალე რუსეთთან გაერთიანებისთვის საჭირო სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს.
„ეს, ალბათ, მათი ისტორიული ბედია – ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება, ეროვნული ოცნება… ჩვენ მხოლოდ მხარს ვუჭერთ მოძმე სამხრეთ ოსეთის ასეთ სწრაფვას“, – აღნიშნა შამბამ.
თუმცა, მისი თქმით, აფხაზეთში ასეთი განწყობები არც პოლიტიკურ წრეებში და არც საზოგადოებაში შეინიშნება.
„საზოგადოებაში ასეთი განწყობები არ არის. ჩვენ მაღალი ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობაში… არ მეგულება ისეთი პოლიტიკური ძალა აფხაზეთში, პარტია ან საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც დაუშვებს დამოუკიდებლობაზე უარის თქმას“, – განაცხადა შამბამ.
ცხინვალის ლიდერმა უკვე არაერთხელ გამოთქვა რუსეთთან მიერთების მზადყოფნა. თუმცა ამჯერად მის განცხადებას წინ უძღვოდა ლუგანსკის რეგიონის ლიდერის, ლეონიდ პასეჩნიკის მიერ გამოთქმული იდეა რუსეთთან მიერთებაზე რეფერენდუმის გამართვის თაობაზე.
მოსკოვმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. დღემდე რუსეთის გარდა, ორივე რეგიონის დამოუკიდებლობა მხოლოდ ვენესუელამ, ნაურუმ, ნიკარაგუამ და სირიამ აღიარეს.
თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ტერიტორიებად მიიჩნევენ.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)