კრემლი ცხინვალის რეგიონის შესაძლო მიერთების შესახებ
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მართალია, მოსკოვს ოკუპირებული ცხინვალის მიერთების თაობაზე არანაირი ქმედება არ განუხორციელებია, ის შემოთავაზებულ რეფერენდუმს პატივისცემით ეპყრობა.
„ჩვენ ამ თვალსაზრისით არანაირი სამართლებრივი ან სხვა ქმედება არ განგვიხორციელებია. მაგრამ ამავე დროს, ამ შემთხვევაში საქმე ეხება სამხრეთ ოსეთის ხალხის აზრის გამოხატვას და მას ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით“, – იტყობინება სააგენტო „ტასი“ პესკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
რუსეთთან შესაძლო მიერთების თაობაზე საუბრები მას შემდეგ დაიწყო, რაც ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა გუშინ განაცხადა, რომ მისი რეჟიმი „უახლოეს მომავალში სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“ რუსეთთან მიერთების მიზნით.
იმავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს განაცხადა, რომ „მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული“.
მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. დღემდე რუსეთის გარდა, ორივე რეგიონის დამოუკიდებლობა მხოლოდ ვენესუელამ, ნაურუმ, ნიკარაგუამ და სირიამ აღიარეს.
თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი ორ რეგიონს საქართველოს შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ.
2021 წლის იანვარში მიღებულ გადაწყვეტილებაში, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში „რუსეთის მტკიცედ დაფუძნებამ და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელმძღვანელთა რუსეთის ფედერაციაზე დამოკიდებულებამ აჩვენა, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე „ეფექტიან კონტროლს“ რუსეთი ახორციელებდა.
1991-92 წლების შეიარაღებული კონფლიქტისა და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგად, დაახლოებით, 30 000 ეთნიკურად ქართველი ცხინვალის რეგიონიდან დევნილობაში რჩება.
ასევე წაიკითხეთ:
- ცხინვალის ლიდერმა რუსეთთან „გაერთიანება“ სტრატეგიულ მიზნად გამოაცხადა
- ბიბილოვი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ემხრობა
- ოკუპირებული ცხინვალის ლიდერი რუსეთთან „საზღვრის“ გაუქმებაზე საუბრობს
- ანატოლი ბიბილოვი ოსების გაერთიანებაზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)