ევროპა: ნეიტრალიტეტი ეჭვქვეშაა

რა ხდება: იმ ქვეყნებში, რომლებიც ცივი ომის დროს მიუმხრობლობისა და ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ატარებდნენ, სერიოზულად განიხილავენ ამ მიდგომის შეცვლას.

კერძოდ ვინ: ყველაზე სერიოზულად მიუმხრობლობის პოლიტიკის გადახედვა ფინეთსა და შვედეთში მიმდინარეობს.

  • ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიისტომ განაცხადა, რომ ნატოში ფინეთის წევრობაზე რეფერენდუმის გამართვას უკვე აზრი აღარა აქვს – სოციოლოგიური გამოკითხვებიდან აშკარაა, რომ ფინეთში დიდი გარდატეხა მოხდა. 31 მარტის გამოკითხვით, რომელიც გაზეთმა “ჰელსინგერ სანომაატმა” ჩაატარა, 61% ემხრობა ქვეყნის ნატოში წევრობას (მხოლოდ 16% ეწინააღმდეგება), 75% კი თვლის, რომ აუცილებელია სამხედრო ხარჯების გაზრდა. ნიისტოს თქმით, ის აცნობიერებს, რომ ნატოში შესაძლო გაწევრიანებას რუსეთის მხრიდან ფინეთისადმი მიდგომის ცვლილება მოჰყვება, მაგრამ, ამავე დროს, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ფონზე ფინელები კოლექტიურ თავდაცვაზე ჩამოდიან ფსონს.
  • შვედეთის პრემიერმა, მაგდალენა ანდერსსონმა 30 მარტს განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ “ფუნდამენტურად შეცვალა” უსაფრთხოების აღქმა შვედეთში. ანდერსსონმა “არანაირად არ გამორიცხა” ნატოს წევრობაზე განაცხადის შეტანა. ნიშანდობლივია, რომ სულ ცოტა ხნის წინათ, 25 თებერვალს, რუსეთის ახალი ინტერვენციის დასაწყისში, ანდერსსონი შვედეთის მიუმხრობლობის პოლიტიკის შენარჩუნებას უჭერდა მხარს. თუმცა ომის ერთი თვის თავზე შვედების ნახევარი უკვე ნატოს წევრობას ემხრობა. შვედეთი მკაცრად ნეიტრალური ცივი ომის შემდეგ აღარაა. ის ატლანტიკური ალიანსის პარტნიორად ითვლება, თუმცა ალიანსებს გარეთ დარჩენას ადრე შვედების უდიდესი ნაწილი ემხრობოდა.
  • ირლანდიის პარლამენტში სამთავრობო პარტიებმა ჩააგდეს ოპოზიციური ჯგუფის წინადადება, კონსტიტუციაში ჩაწერილიყო ირლანდიის ნეიტრალიტეტის გარანტია. ირლანდია 1930-იანი წლებიდანაა მკაცრად ნეიტრალური, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში მთავრობა სულ უფრო აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტი პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ვერ იგულისხმებს. უკრაინაში თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა ირლანდიისთვის იშვიათ გამონაკლისად იქცა. პრესაში და პოლიტიკურ წრეებში იყო საუბრები ნეიტრალიტეტის პრინციპის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე, თუმცა მთავრობა ამის აუცილებლობას ჯერ ვერ ხედავს. საგარეო მინისტრმა, საიმონ კოვინიმ ამასწინათ განაცხადა, რომ საჭიროა ნეიტრალიტეტის არსის გადახედვა. “ნეიტრალური რომ ხარ, არ ნიშნავს რომ დაცული ხარო”, თქვა მინისტრმა და განსაკუთრებით კიბერთავდასხმების საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება.

რას მოასწავებს ეს: რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ უკრაინაში ცივი ომისდროინდელი ნეიტრალიტეტის პოლიტიკა ფუნდამენტურად შეარყია. როგორც ფინეთი, ისე შვედეთი ნატოში გაწევრიანების მოთხოვნის ზღურბლთან დგანან. რაც უფრო გაგრძელდება ომი უკრაინაში და რაც უფრო აშკარაა რუსეთის აგრესიული ზრახვები, მით უფრო მეტი მოქალაქე მოითხოვს მთავრობებისგან კოლექტიური თავდაცვის ქოლგისქვეშ თავის შეფარებას. ირლანდიის ყოყმანი, სადაც ნეიტრალიტეტის იდეას ფართო სახალხო მხარდაჭერა ჰქონდა უკვე თითქმის ერთი საუკუნეა, ნიშანდობლივია: რუსეთისაგან გეოგრაფიული დაშორების მიუხედავად, ირლანდიელები თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ.

დასკვნის სახით: უკრაინაში ომი რუსეთმა ნატოს აღმოსავლეთ ევროპიდან გასვლის მოთხოვნის პარალელურად დაიწყო. ახლა ცხადია, რომ მოსკოვმა მართლაც უბიძგა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას ცვლილებისაკენ – ოღონდ საპირისპირო მიმართულებით.