საქართველო ნატოს გენერალური მდივნის 2021 წლის ანგარიშში
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის 2021 წლის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოსთან წლის განმავლობაში განხორციელებულმა პრაქტიკულმა თანამშრომლობამ კიდევ უფრო გააძლიერა ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობები და ხელი შეუწყო ალიანსთან ურთიერთთავსებადობას.
„ეს ეხმარება საქართველოს, რომ წინ წაიწიოს ალიანსში საბოლოო წევრობისთვის მომზადების გზაზე“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც 31 მარტს გამოქვეყნდა.
დოკუმენტი აღნიშნავს, რომ პროგრესი იქნა მიღწეული სამხედრო შესაძლებლობის განვითარების ახალი ინიციატივის, სამხედრო პოლიციისა და ინჟინერიის, სპეციალური ოპერაციების ძალებისა და კრიზისების მართვის მიმართულებით.
ამას გარდა, შემუშავდა პროექტები კიბერლაბორატორიის ჩამოყალიბებისა და საზღვაო და საჰაერო სიტუაციური ცნობიერების ამაღლების თაობაზე.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მოკავშირეებმა და პარტნიორებმა საქართველოში დაახლოებით 35 ექსპერტი გაგზავნეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში დასახმარებლად.
იმავდროულად, დოკუმენტის თანახმად, თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების ზრდის სატრასტო ფონდის პროექტების ფარგლებში, მოკავშირეებმა ქართველი სამხედროების განათლება და სწავლება, წვრთნა და აღჭურვა დააფინანსეს.
თავის მხრივ, საქართველომ ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში შეიტანა წვლილი. მისია ამჟამად დასრულებულია. გენერალური მდივნის ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის როლს 60-ზე მეტი ფრენებისა და ავღანეთიდან ევაკუირებული 5 000 პირისთვის.
ღია კარის პოლიტიკა
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ნატოს კარი ღია რჩება „ყველა ევროპული დემოკრატიული ქვეყნისთვის, რომლებიც იზიარებენ ალიანსის ღირებულებებს (ინდივიდუალური თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა), სურთ და შეუძლიათ წევრობის პასუხისმგებლობები და ვალდებულებები იკისრონ, მზად არიან დაიცვან ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების პრინციპები და რომელთა წევრობაც ხელს შეუწყობს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას“.
„ნებისმიერ ქვეყანას უნდა შეეძლოს თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები, მათ შორის, შეუერთდეს თუ არა ნებისმიერ ხელშეკრულებას ან ალიანსს, როგორიც ნატოა. გადაწყვეტილებებს გაფართოების შესახებ თავად ნატო იღებს და ამისთვის მისი ყველა წევრის კონსენსუსია საჭირო“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ამ კონტექსტში, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2021 წელს მოკავშირეები ერთგულნი დარჩნენ ნატოში საქართველოსა და უკრაინის საბოლოო გაწევრიანების მიმართ, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის და მომდევნო სამიტების გადაწყვეტილებების შესაბამისად.
დოკუმენტის თანახმად, ნატოს 2030 წლის დღის წესრიგით, მოკავშირეები შეთანხმდნენ რეკომენდაციებზე, რათა გააფართოვონ მხარდაჭერა სამი ასპირანტი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მიმართ.
ასევე წაიკითხეთ:
- წერილობითი წინადადებები რუსეთს: ნატო საქართველოს კარს არ უხურავს
- ნატოს მოკავშირეებმა რუსეთთან მოლაპარაკებებზე ღია კარის პოლიტიკის მიმართ ერთგულება დაადასტურეს
- საქართველო ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)