დონბასში აფხაზი და ოსი მოხალისე მებრძოლები დაიღუპნენ
1 აპრილს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონბასში უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, მოხალისე მებრძოლები – აფხაზი ახრა კირკინაძე და ოსი რობერტ კულუმბეგოვი დაიღუპნენ.
ახრა კირკინაძე, რომელიც ოჩამჩირის რაიონის სოფელ კუტოლის მკვიდრია, დონეცკში ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა.
ხოლო რობერტ კულუმბეგოვი ცხინვალის რეგიონიდან, გავრცელებული ინფორმაციით, 31 მარტს დონეცკის მახლობლად, ქალაქ იასინოვატაიაში დაიღუპა.
საინფორმაციო სააგენტო „რესი“ჩრდილოეთ ოსეთიდან სამხედრო ექსპერტის, ოლეგ მარზოევის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კულუმბეგოვი აფხაზი სამხედროს და აფხაზეთის მოქმედი ლიდერის, ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწის, ახრა ავიძბას სარდლობის ქვეშ „პიატნაშკას“ ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა.
თუმცა, მარზოევმა კულუმბეგოვის 29 მარტის გზავნილზე დაყრდნობით ასევე განაცხადა, რომ იგი რუსეთის 58-ე არმიასთან, მათ შორის, ცხინვალის რეგიონში განთავსებული მე-4 სამხედრო ბაზის შენაერთებთან ერთად იბრძოდა.
კულუმბეგოვი არ არის პირველი ოსი ცხინვალიდან, რომელიც უკრაინაში ბრძოლის დროს დაიღუპა. 16 მარტს, ცხინვალმა უკრაინაში რუსეთის 58-ე არმიის სერჟანტ ანდრეი ბაკაევის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
30 მარტს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთმა ცხინვალის მე-4 სამხედრო რუსული ბაზიდან, რომელშიც რუსი სამხედროები და ოსი კონტრაქტორების რუსეთის მეთაურობის ქვეშ მსახურობენ, ტაქტიკური ჯგუფის სამი ბატალიონის 1 200 სამხედრო მოსამსახურე ჩაიყვანა. უკრაინაში ასევე ჩავიდა აფხაზეთის მე-7 ბაზის 800-მდე სამხედრო. ანალოგიური ინფორმაცია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა.
მოსკოვმა უკრაინაზე არაპროვოცირებული სრულმასშტაბიანი შეტევა 24 თებერვალს მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე დღის წინ, უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა.
ასევე წაიკითხეთ:
- უკრაინაში ცხინვალიდან სამხედროების დამატებითი კონტინგენტი გაგზავნეს
- აფხაზეთის „თავდაცვის მინისტრი“ რუსეთს სამხედრო დახმარებას ჰპირდება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)