რუსეთის ხსენების გარეშე, თბილისი ბუჩაში მასობრივ ხოცვას გმობს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარი მასობრივი ხოცვის ფაქტი, თუმცა რუსეთი როგორც დამნაშავე არ უხსენებიათ.
„რთული წარმოსადგენია მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს. თუმცა, ის აქ არის და ჩვენ იქ ვცხოვრობთ“, – დაწერა Twitter-ზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და დასძინა – „საქართველოს წარსული ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცით, რას წარმოადგენს ბუჩა – დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ, ჭრილობას, რომელსაც ძალიან დიდი დრო დასჭირდება შესახორცებლად“.
„უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება. მაგრამ ეს არასდროს მიეცემა დავიწყებას“, – ხაზი გაუსვა მან.
„შოკირებული ვარ ბუჩაში და უკრაინის სხვა ადგილებში მომხდარი საშინელებების გამო. გამახსენა აფხაზეთში 1990-იანი წლების დასაწყისში და ცხინვალის რეგიონში 2008 წელს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი დანაშაულები“, – დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე 3 აპრილს.
„ეს უნდა დასრულდეს, დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ“, – აღნიშნა მან.
„კატეგორიულად ვგმობთ არაადამიანურ ქმედებას, რომელიც უდანაშაულო მოქალაქეების წინააღმდეგაა მიმართული. გაგვანადგურა სასტიკი ძალადობის სცენების ნახვამ“, – დაწერა საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე.
„პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ამ ომის დანაშაულებში მონაწილეობდა. ვუსამძიმრებთ უკრაინელ ხალხს“, – დასძინა უწყებამ.
- ACT-ის კვლევით, მოქალაქეების 87% ფიქრობს, რომ „უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის“
- ფოტოამბავი: უკრაინის მხარდამჭერი და ირაკლი ღარიბაშვილის საწინააღმდეგო აქცია თბილისში
„შემაშფოთებელია უდანაშაულო მოქალაქეების წინააღმდეგ იმ არაადამიანური მოპყრობის მასშტაბის ხილვა, რასაც ბუჩაში და უკრაინის სხვა რეგიონებში აქვს ადგილი“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ზალკალიანმა Twitter-ზე გააზიარა.
მართალია, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ვრცლად ისაუბრა უკრაინის შესახებ, მას რუსეთის მიერ ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში განხორციელებული ხოცვის შესახებ არაფერი უთქვამს.
უკრაინამ, რომელმაც კიევის ოლქში რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები გაათავისუფლა, განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქეები სასტიკად მოკლეს. ბუჩის მერმა განაცხადა, რომ რუსების გასვლის შემდეგ, მასობრივ საფლავებში, დაახლოებით, 300 მოქალაქის გვამია აღმოჩენილი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 3 აპრილს Twitter-ზე დაწერა, რომ „ფოტოები და ვიდეომასალა ბუჩიდან კიდევ ერთი სიყალბე, დადგმული პროვოკაციაა“.
შენიშვნა: მასალა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესაბამისად განახლდა.
ასევე წაიკითხეთ:
- პრემიერის თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება
- პრემიერი: სანქციები არ არის ეფექტური საშუალება, უკრაინის დაბომბვას ვერავინ შეაჩერებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)