კიევის თქმით, საქართველო რუსულ კონტრაბანდას ეხმარება; თბილისი უარყოფს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა დღეს განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდისთვის კორიდორს ამზადებს.
„საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ქვესამხედრო და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობა“, – განაცხადა უწყებამ და დასძინა – „სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები კონტრაბანდის არხებს ქმნიან, რომელიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის“.
„იმავდროულად, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს დაევალათ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ, რომ კონტრაბანდისტების საქმიანობებში არ ჩაერიონ“, – განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ.
ამავე განცხადების თანახმად, ასევე განიხილება საქართველოსა და რუსეთს შორის 2019 წლის ივნისიდან შეჩერებული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მოკლე განცხადებაში სხვა დეტალები მოცემული არ არის.
საქართველოს მთავრობა ბრალდებებს უარყოფს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ბრალდებები უარყო საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
„ეს არის ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება“, — განაცხადა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
სამინისტროს თქმით, „საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი“.
ფინანსთა სამინისტრომ „სრული პასუხისმგებლობით“ განაცხადა, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, იქნება ეს სამხედრო თუ ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა პროდუქცია, რომელიც სანქციების სიაშია, „ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ“.
სამინისტროს თქმით, ამაზე დეტალურადაა ინფორმირებული საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი.
„საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას“, — განაცხადა სამინისტრომ.
ასევე წაიკითხეთ:
- ACT-ის კვლევით, მოქალაქეების 87% ფიქრობს, რომ „უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის“
- CRRC: საქართველოს მოსახლეობას მთავრობის მხრიდან უკრაინის მეტი მხარდაჭერა სურს
შენიშვნა: მასალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომენტარით განახლდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)