ბუჩა: საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატების რეაქცია

მოგეხსენებათ, 10 აპრილს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართება, 24 აპრილს კი – მეორე. საპრეზიდენტო კამპანიის ბევრი მონაწილე, მათ შორის, მარინე ლე პენი, ერიკ ზემური და ჟან-ლუკ მელანშონი ვლადიმირ პუტინის მიმართ ტრადიციულად შედარებით მოწყალედ იყვნენ განწყობილი, ხოლო უკრაინის გარშემო დაძაბულობაზე ბრალს სულ ცოტა ხნის წინათ ნატოს გაფართოებას აკისრებდნენ. ქვემოთ გთავაზობთ საკვანძო კანდიდატების რეაქციებს ბუჩას ტრაგედიაზე:



ემანუელ მაკრონი: “ის სურათები, რრომლებიც ვნახეთ, სრულიად აუტანელია […] სამხედრო დანაშაულის ნიშნები ნათელია […] და დიდწილად დადასტურებულად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ისინი რუსეთის არმიამ ჩაიდინა.” “საერთაშორისო სამართალმა უნდა იმოქმედოს და მათ, ვინც ამ დანაშაულის სათავეებთან იდგნენ, პასუხი უნდა აგონ,” განაცხადა პრეზიდენტმა.

მარინე ლე პენი, ულტრამემარჯვენე “ეროვნული ერთობის” კანდიდატი: “როცა დაუცველ სამოქალაქო პირებს კლავენ, ეს სამხედრო დანაშაულების განსაზღვრებას შეესაბამება.” “ნებისმიერ ფასად, სასწრაფოდ, გაეროს, ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ. ეს ფაქტები დაუშვებელია, ეს ნამდვილი ბარბაროსობაა და ამაზე პასუხისმგებელი ნებისმიერი პირი მძიმედ უნდა დაისაჯოს, ჯერ მორალურად და დიპლომატიურად,” შემდეგ კი, მისი თქმით, “გაერომ უნდა დაადგინოს სამართლებრივად პასუხისმგებელი პირები.” ლე პენმა ასევე დატვიტა: “რუსეთი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყანა, ვერ დაუბრუნდება ერთა ოჯახს, სანამ სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილებს არ დასჯის”.

ჟან-ლიუკ მელანშონმა, ულტრამერცხენე “დაუმორჩილებელი საფრანგეთის” ლიდერმა თქვა, რომ ამ სისასტიკის “ვერც დავიწყება და ვერც პატიება” ვერ იქნება, “რუსული არმიის დანაშაული ბუჩას უკრაინელების წინააღმდეგ წმინდა წყლის ველური მკვლელობაა. რუსმა ხელმძღვანელებმა პასუხი უნდა აგონ.”

ერიკ ზემურს, საპრეზიდენტო კამპანიის მეორე რადიკალ ულტრამემარჯვენეს, რომელიც ხშირად პრო-რუსული პოზიციით გამოდის ხოლმე, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, პუტინს რას ეტყოდითო: “ვეტყოდი, რომ ესაა ბინძური, კრიმინალური, უღირსი მოქმედება, რომელიც მისი ქვეყნის სახელსაც კი ბღალავს. ეს საზიზღარი დანაშაულია. აუტანელი და უღირსი დანაშაული, რომელიც ლაფს ასხამს რუსეთს. არაფერი მესმის,” მერე კი დაამატა, მე ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ “ომის დროს რუსები ყველაზე წარმოუდგენელი საშინელების ჩამდენნი არიანო”.

ვალერი პეკრესი, მემარჯვენე პარტიის ლიდერი: “რუსეთის ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგოს. პირველ რიგში, პრიორიტეტია მშვიდობიანობის დაბრუნებას მივაღწიოთ, მაგრამ შემდეგ სამართალიც უნდა აღსრულდეს.”

იანიკ ჟადო, მწვანეთა კანდიდატი: “ჩვენ უძლურნი არ ვართ ამ დანაშაულის წინაშე, არსებობს საშუალება, რომ ვლადიმირ პუტინი ვაიძულოთ, შეწყვიტოს ცეცხლი და შეწყვიტოს ძალადობა – ეს გზა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტზე უარის თქმაა.” მისი თქმით, “დაუშვებელია, დანაშაულით აღვშფოთდეთ და, ამასობაში, დღეში 800 მილიონ დოლარს ვაძლევდეთ პუტინს, აუცილებელია ემბარგო.” ჟადოს თქმით “პუტინი სამხედრო დამნაშავეა, მან და მისმა ოლიგარქებმა დანაშაულზე პასუხი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა აგონ.”

ანნ ჰიდალგო, სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან: “სამოქალაქო პირების მკვლელობა ბუჩაში, პუტინის არმიის მიერ სამხედრო დანაშაულია. ევროპამ და საფრანგეთმა მეტი უნდა გააკეთონ – შეწყვიტონ სისხლიანი გაზის საფასურის გადახდა და უკრაინელ ხალხს თავის დასაცავად მეტი იარაღი მიაწოდონ.”