სახ.დეპი საქართველოში რუსული კონტრაბანდის გატარებაზე ბრალდებებს პასუხობს 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა 4 აპრილს განაცხადა, რომ იგი არ იმყოფება იმ პოზიციაში, რომ უკრაინის ბრალდებაზე ისაუბროს, რომლის თანახმადაც, მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდისთვის კორიდორს ამზადებს.

თუმცა, ბრიფინგზე საუბრისას, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-მა მკაფიოდ განაცხადა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც შეეცდებიან გვერდი აუარონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ან მხარი დაუჭირონ მოსკოვის საომარ ძალისხმევას, სათანადო „შედეგებს მოიმკიან“.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, მათ შორის, გაეროში მნიშვნელოვანი კენჭისყრების დროს, იმის საწინააღმდეგოდ, რასაც კრემლი უკრაინაში ახორციელებს“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტს მჭიდრო კონტაქტი აქვს კოლეგებთან თბილისში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, რას ნიშნავს რუსეთის აგრესია, მათ შორის, რუსეთის მცდელობები, მიიტაცოს სუვერენული ტერიტორიები.

კითხვაზე, მონაწილეობს თუ არა თბილისი შეერთებული შტატების მხარდაჭერილი მრავალეროვნული საპროკურორო გუნდის ძალისხმევაში, რათა დაეხმაროს უკრაინის პროკურატურის სამხედრო დანაშაულთა განყოფილებას, პრესსპიკერმა პრაისმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის განსახილველია, თუ როგორ შეიძლება დაუჭირონ მხარი პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებულ ძალისხმევას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)