ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე კრიტიკულ ანგარიშს ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე კრიტიკულ ანგარიშს, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, ნათქვამია, რომ „საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან ძირითადი დემოკრატიული პრინციპებისა და იმ მთავარი პოლიტიკური ვალდებულებების თვალსაზრისით“, დღეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განსხავებული შეფასებები მოჰყვა.
„ცალკეული ანგარიშები ვერ გახდება ჩვენთვის სახელმძღვანელო“, – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
„ჩვენ დავეყრდნობით ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციებს, განცხადებებს ყველა თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ „ჩვენთვის მთავარია, ევროკავშირის პოზიცია ყველა თემაზე და სახელმძღვანელო სწორედ ეს პოზიცია გახდება“.
ანგარიშში სხვადასხვა მიმართულებით დაფიქსირებულ კრიტიკული შეფასებებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „საქართველოში არის დემოკრატიის ძალიან მაღალი ხარისხი“.
„ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები ამასთან დაკავშირებით და თუ ვინმეს ექნება ინტერესი რომ ეს არგუმენტები მოისმინოს რა თქმა უნდა ამ არგუმენტებს გავუზიარებთ“, – დასძინა მან.
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის შეფასებით კი, ანგარიშში ყველაზე „ნიშანდობლივი“ არის ის, რომ „საქართველოში, სამწუხაროდ, დემოკრატიული ინსტიტუტები კიდევ უფრო სუსტდება“.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – თქვა მან და აღნიშნა, რომ „დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება, თავისთავად, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხება, რა თქმა უნდა, შეფერხებას ქმნის ევროინტეგრაციის კუთხით“.
„ეს ძალიან არასასურველ[ი] მოველენებ[ი] და პოლიტიკა საქართველოს მთავრობის, რა თქმა უნდა, ევროკავშირში არ აღძრავს დამატებით ენთუზიაზმს ჩვენი დემოკრატიის ხარისხის, თუ მზაობის თაობაზე“, – თქვა ლელო საქართველოსთვის დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა.
ამ კონტექსტში, მან 19 აპრილის შეთანხმებიდან ქართული ოცნების ცალმხრივად გასვლა, ასევე მმართველი გუნდის მიერ ევროკავშირის შეღავათიან სესხზე უარი დაასახელა.
თუმცა, უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში მიმდინრე „ტრაგიკულმა მოვლენებმა გააჩინა გარკვეული შესაძლებლობების ფანჯარა და ამაზე არის საჭირო ძალიან სერიოზული მუშაობა“.
„განაცხადის გაგზავნა, რომ გვინდა [ევროკავშირის] წევრობა, ეს არაფერს არ ნიშნავს“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ „მოქმედებებით უნდა დადასტურდეს რომ საქართველო მიყვება ევროპულ პრინციპებს და ღირებულებებს“.
„მსოფლიოში არავინ არ არის დარჩენილი ვინც ფიქრობს რომ საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით ყველაფერი რიგზეა“, – თქვა ახალი პოლიტიკური ცენტრის, გირჩის დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს პრემიერი ხელს აწერს ევროკავშირში წევრობის განაცხადს
- საქართველო ხვალ მოითხოვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს
- ევროკავშირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნას აკრიტიკებს
- ევროკავშირი: საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)