თბილისი: უკრაინამ რუსული კონტრაბანდის გატარების ბრალდებაზე მტკიცებულება ვერ წარმოადგინა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრიი კასიანოვმა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიასთან 5 აპრილს გამართულ შეხვედრაზე „ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება“ კიევის მიერ გაჟღერებულ ბრალდებაზე, თითქოს მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდისთვის კორიდორს ამზადებს.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ უარყო გავრცელებული ინფორმაცია და უკრაინელ დიპლომატს საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოზიციები გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯანჯალიამ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს და საფრთხის შემცველია საქართველოს უსაფრთხოებისთვის.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერაზეც იმსჯელეს, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების, უკრაინელი ლტოლვილების მიღებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის „მტკიცე“ მხარდაჭერის მიმართულებით.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა 4 აპრილს განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდისთვის კორიდორს ამზადებს.
უკრაინული მხარის ბრალდება თბილისსა და კიევს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობების ფონზე გაჟღერდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საქართველოს ხელისუფლების „ამორალური პოზიციისა“ და მოხალისე მებრძოლების ჩარტერული რეისით გაგზავნაზე უარის შემდეგ, თბილისიდან ელჩიც გაიხმო.
საგულისხმოა, რომ ოფიციალური კიევის მხრიდან მომდინარე კრიტიკის ფონზე, რუსეთმა ქართული რძის პროდუქტების იმპორტი დაუშვა, რაც თბილისში ქართული კომპანიებისთვის „კარგ შესაძლებლობად“ შეაფასეს.
კიევიდან გაზრდილი კრიტიკის საპასუხოდ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უკრაინის მთავრობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობისდროინდელი მთავრობის წევრები „უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის“ მოხდენას ცდილობენ.
ასევე წაიკითხეთ:
- რუსული კონტრაბანდის გატარებაზე კიევის ბრალდებას ქართველი პოლიტიკოსები ეხმიანებიან
- თბილისი კიევს რუსული კონტრაბანდის შესახებ ბრალდებაზე მტკიცებულებებს სთხოვს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)