საქართველო შეუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას რუსეთის მიერ ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის შესახებ 

საქართველო შეუერთდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის დეკლარაციას ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკეების შესახებ.

4 აპრილით დათარიღებულ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „რუსეთის ხელისუფლება პასუხისმგებელია იმ სისასტიკეებზე, რომლებიც ტერიტორიაზე მათი ეფექტიანი კონტროლის დროს იქნა ჩადენილი. ისინი ექვემდებარებიან ოკუპაციის საერთაშორისო კანონს“.

„დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისა და მსხვერპლის ფოტოები, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი ომის, აგრესიის ნამდვილ სახეს აჩვენებს“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

დოკუმენტის თანახმად, სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სერიოზული დარღვევების ჩამდენებმა, ასევე პასუხისმგებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სამხედრო ლიდერებმა პასუხი უნდა აგონ.

„სრულად ვუჭერთ მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე დაწყებულ გამოძიებას, ასევე  გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მოკვლევის კომისიის მუშაობას“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

საქართველოსთან ერთად დეკლარაციას ასევე შეუერთდნენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები – ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და ალბანეთი, ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, უკრაინა და მოლდოვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)