აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ადამ კინზინგერისა და ჯერალდ კონოლის მიერ 2021 წლის თებერვალში წარდგენილი „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მიიღო.
დოკუმენტი, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ხაზს უსვამს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების უწყვეტ განვითარებას, მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და მისი ხალხის არჩევანს, რომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე დამოუკიდებელი არჩევანი გააკეთონ.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-მა არ უნდა აღიაროს ძალისმიერი გზით საქართველოს ტერიტორიული ცვლილებები, მათ შორის, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაცია.
ამავე დოკუმენტის თანახმად, აშშ-მა უნდა დაგმოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული დაკავებები, ადამიანების გატაცებები და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობები.
აღნიშნავს რა, რომ აშშ-მა საქართველოს 2018 წელს სამხედრო განათლებისა და წვრთნის საერთაშორისო პროგრამების (IMET) მეშვეობით 2 მლნ აშშ დოლარი, ხოლო უცხოური სამხედრო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში 35 მლნ აშშ დოლარი გამოუყო, დოკუმენტი აცხადებს, რომ ეს დახმარება უნდა გაიზარდოს.
მხარდაჭერის აქტი ავალებს აშშ-ის მთავრობას, რომ გააძლიეროს საქართველოს შესაძლებლობები, რათა გაუმკლავდეს რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას, ასევე ხელი შეუწყოს პრესის თავისუფლებას.
ამას გარდა, დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზეც ამახვილებს ყურადღებას და საქართველოს რუსულ ინფორმაციასა და კომუნიკაციებზე დამოკიდებულების შემცირების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
დოკუმენტი ასევე მოუწოდებს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, გაააქტიუროს მოლაპარაკებები საქართველოსთან ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ასამოქმედებლად.
დოკუმენტი უფლებამოსილებას ანიჭებს აშშ-ის პრეზიდენტს, რომ სავიზო და ფინანსური სანქციები დააკისროს იმ პირებს, რომელთაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებში ედებათ ბრალი.
საკომიტეტო განხილვაზე გაკეთებული განცხადებები
5 აპრილის საკომიტეტო განხილვაზე, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი მიქსმა განაცხადა, რომ „უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, ამაზე მნიშვნელოვანი დრო ამ კანონპროექტის მისაღებად ვერ იქნებოდა. რუსეთს ამჟამად საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული“.
მისი თქმით, დღეს „უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ამ ქვეყნებს [საქართველო, უკრაინა, მოლდოვა] სჭირდებათ ერთად დგომა და ჩვენი სრულფასოვანი და ძლიერი მხარდაჭერა“.
„საქართველოს სვლა დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არ არის სრულყოფილი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ჩვენ ვიხილეთ გარკვეული შემაშფოთებელი ტენდენციები, მაგრამ მაინც მჯერა, რომ საქართველოს დემოკრატია სწორი მიმართულებით განვითარდება და მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმაროს ქართველ ხალხს ამ გზაზე“.
გრეგორი მიქსმა უკრაინის თაობაზე საქართველოს პოზიციაზეც ისაუბრა.
„საკუთარ საზღვრებში რუსული ოკუპაციის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა და ქართველმა ხალხმა გამოხატეს ურყევი და საჯარო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ერთიანი პოზიცია დააფიქსიროს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)